„ჯორჯიან ეარვეისი“ თელ-ავივის მიმართულებით რეისებს კვლავ აუქმებს

© Giorgi EbanoidzeGeorgian Airways Boeing 767-300
Georgian Airways Boeing 767-300 - Sputnik საქართველო, 1920, 30.06.2025
გამოწერა
გასულ კვირაში ქართულმა ავიაკომპანიამ გაავრცელა ინფორმაცია თბილისიდან თელ-ავივის მიმართულებით 29 ივნისამდე დაგეგმილი ავიარეისების გაუქმების შესახებ.
თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. 30 ივნისს და 1-ელ ივლისს თბილისი-თელ-ავივი-თბილისის მიმართულებით დაგეგმილი რეისები გაუქმებულია. ამის შესახებ ინფორმაციას ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ (Georgian Airways) ავრცელებს.
ავიარეისების გაუქმების მიზეზად დასახელდა ის ფაქტი, რომ ამ ეტაპზე სადაზღვეო კომპანია არ აძლევს „ჯორჯიან ეარვეისს“ თელ-ავივის მიმართულებით ფრენების აღდგენის უფლებას.
„ავიაკომპანიას ასევე არ მიუღია უსაფრთხოების გარანტიები ისრაელის სახელმწიფოსგან“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.
მგზავრებს, ვინც უკვე შეიძინა ბილეთები აღნიშნულ რეისებზე, ავიაკომპანია ბილეთის გადაცვლას ან თანხის დაბრუნებას სთავაზობს.
„ბილეთის გადაცვლა ან თანხის დაბრუნება შესაძლებელია ბილეთის შეძენის ადგილას”, -აღნიშნულია ინფორმაციაში.
გასულ კვირაში ქართულმა ავიაკომპანიამ გაავრცელა ინფორმაცია თბილისიდან თელ-ავივის მიმართულებით 29 ივნისამდე დაგეგმილი ავიარეისების გაუქმების შესახებ.
„ჯორჯიან ეარვეისი“, თელ-ავივის გარდა, სხვა მიმართულებებით დაგეგმილ რეისებს, შეუფერხებლად, განრიგის მიხედვით ასრულებს.
25 ივნისს, ირანთან 12-დღიანი დაპირისპირების შემდეგ ისრაელის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებული ყველა შეზღუდვა მოიხსნა. აღდგა სასწავლო და სამუშაო პროცესი. მას შემდეგ, რაც ზურგის სარდლობამ ქვეყნის მასშტაბით ყველა შეზღუდვა მოხსნა, გაიხსნა ქვეყნის საჰაერო სივრცეც. შესაბამისად, ისრაელში ბენ გურიონისა და ჰაიფას აეროპორტები დაუბრუნდნენ სრული დატვირთვით ფუნქციონირებას.
ესკალაცია ისრაელსა და ირანს შორის
13 ივნისის ღამეს ისრაელის თავდაცვის ძალებმა ირანის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ოპერაცია დაიწყეს. თელ-ავივმა თეირანი საიდუმლო ბირთვული პროგრამის რეალიზაციაში დაადანაშაულა. სარაკეტო დარტყმების სამიზნე გახდა ატომური ობიექტები, გენერალიტეტი, ბირთვული ფიზიკის მეცნიერები, ავიაბაზები, საჰაერო დაცვის სისტემები, რაკეტები და სარაკეტო დანადგარები. ისლამურმა რესპუბლიკამ საპასუხო ოპერაცია „ჭეშმარიტი დაპირება 3“ დაიწყო, რომელიც მტრის სამხედრო ობიექტებს თავს დაესხა.
22 ივნისის საღამოს, ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტის გამწვავებიდან ერთ კვირაზე მეტი ხნის შემდეგ, აშშ-მ ირანის სამ ბირთვულ ობიექტს ნათანზში, ფორდოსა და ისპაჰანში დაარტყა.
მედიის ცნობით, თეთრმა სახლმა ისრაელს დაგეგმილი დარტყმების შესახებ წინასწარ აცნობა. ამასთან, აშშ დაუკავშირდა ირანს, რათა ეცნობებინა, რომ ისინი მხოლოდ დარტყმებს გეგმავენ და არა თეირანში ხელისუფლების შეცვლას.
აშშ-ის პრეზიდენტმა 23 ივნისს გამოაცხადა, რომ ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არსებობს და „24 საათში მსოფლიო მიესალმება 12-დღიანი ომის ოფიციალურად დასრულებას".
პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებას ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ, წინ უძღოდა კატარში ამერიკულ სამხედრო ბაზაზე შეტევა, რომელიც ირანმა მიიტანა თავის ობიექტებზე შეერთებული შტატების დარტყმის პასუხად - თეირანმა დიპლომატიური არხებით რამდენიმე საათით ადრე გააფრთხილა ვაშინგტონი თავდასხმების შესახებ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ სამხედრო კამპანია ისტორიულ გამარჯვებად შეაფასა, რადგან მისი განცხადებით, ისრაელმა აღმოფხვრა ირანიდან მომდინარე ორი ეგზისტენციალური საფრთხე - ბირთვული იარაღი და ბალისტიკური რაკეტები.
ისტორიულ გამარჯვებას თავის მხრივ ზეიმობს ირანიც. ქვეყნის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანის განცხადებით, მტერმა ვერ მიაღწია თავის მიზნებს, მათ შორის, ბირთვული ობიექტების განადგურებას და ამ მიმართულებით კვლევის შეწყვეტას.
ყველა ახალი ამბავი
0