არცერთი ბენეფიციარი არ დარჩება დახმარების გარეშე - ჯანდაცვის მინისტრი მეთადონის პროგრამაზე

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliჯანდაცვის სამინისტრო
ჯანდაცვის სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 28.06.2025
გამოწერა
ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ ჩანაცვლებითი თერაპიით მკურნალობაზე სრულ პასუხისმგებლობას სახელმწიფო იკისრებს.
თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. კანონმდებლობის გამკაცრების შემდეგ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაში ჩართული არც ერთი ადამიანი არ დარჩება სამედიცინო მომსახურების გარეშე, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.
მთავრობამ გადაწყვიტა სრულად აკრძალოს ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების განხორციელება კერძო სუბიექტების მიერ, ასევე დააწესოს მკაცრი კონტროლი რეცეპტების გაცემაზე.
„არც ერთი ბენეფიციარი, ვისაც აქვს მკურნალობის საჭიროება, არ დარჩება მის გარეშე. ეს იქნება მკაცრად განსაზღვრული და აქ მოიაზრება ის ადამიანები, ვისაც რეალურად ეს სჭირდებათ“, - განაცხადა სარჯველაძემ.
მისი თქმით, ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ ჩანაცვლებითი თერაპიით მკურნალობაზე სრულ პასუხისმგებლობას სახელმწიფო იკისრებს.
„იმის გათვალისწინებით, რომ ძალიან დიდია რისკი ამ ნივთიერებების ავად მოხმარებისა, რასაკვირველია, ასეთ დროს გამართლებულია, რომ სახელმწიფო იყოს მკაცრი ამ მიმართულებით და არ გახადოს ამ ნივთიერებების მოხმარება ლეგალური ბიზნესის, შემოსავლის წყაროდ. ჩვენ ვთვლით, რომ საზოგადოება რაც შეიძლება შორს უნდა ვამყოფოთ ისეთი მანკიერი თვისებისგან, როგორიც არის ნარკომანია“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
მინისტრმა, კერძო სექტორში სერვისების მიმღებთა სტატისტიკაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მონაცემთა კონფიდენციალურობის მიზეზით, სახელმწიფოს მსგავსი ტიპის ინფორმაციაზე ხელი არ მიუწვდება, რაც ანალიტიკურ შესაძლებლობებს მაქსიმალურად ზღუდავს და ამცირებს.
მინისტრმა, ჩანაცვლების სერვისის მიმწოდებელი ობიექტების ადგილმდებარეობებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროცესში გათვალისწინებული იქნება როგორც ბენეფიციართა, ისე მაცხოვრებელთა ინტერესებიც.
„მესმის, რომ ხელმისაწვდომობის სურვილი დიდია, რაც შეიძლება ახლოს და ყველა ფეხის ნაბიჯზე ასეთი პუნქტები არსებობდეს. მე მესმის ამ ადამიანების, მაგრამ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ იქ მაცხოვრებელთა ინტერესებიც და მათ მოსაზრებებსაც პატივი უნდა ვცეთ“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
უფასო პროგრამა, რომლის ფარგლებში პაციენტებს ნარკოტიკის ნაცვლად რეგულარულად მეტადონს უნიშნავენ, საქართველოში 2017 წლიდან მოქმედებს.
იგივე მომსახურებას კერძო კომპანიებიც სთავაზობენ, თუმცა ეს უკვე ფასიანია.
პროგრამა ხელმისაწვდომია თბილისში, თელავში, ოზურგეთში, ფოთში, ქუთაისში, ზესტაფონში, საჩხერეში, ზუგდიდში, გორში, ბორჯომში, ქობულეთსა და ბათუმში. თბილისში, ქუთაისსა და ქობულეთში, მეტადონის ჩანაცვლებითი თერაპიის გარდა, ხელმისაწვდომია სუბოქსინის ჩანაცვლებითი თერაპიაც.
2024 წლის ბოლოსთვის პროგრამაში 12 ათასი ადამიანი იყო რეგისტრირებული. უცხო ქვეყნის მოქალაქეებს პროგრამით სარგებლობა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუ ისინი ამ სერვისით მშობლიურ ქვეყანაში სარგებლობენ.
ჩანაცვლებითი თერაპია (ჩთ) მკურნალობის მეთოდია, რომლის დროსაც იმ ნივთიერებებს (ჰორმონები, ფერმენტები, სხვა პრეპარატები), რომლებიც ორგანიზმს აკლია ან არ გააჩნია, ხელოვნური ან ბუნებრივი ანალოგებით ანაცვლებენ.
ყველა ახალი ამბავი
0