ქართველმა ბიზნესმენებმა ქვეყნის ბიზნეს-კლიმატი შეაფასეს

© Sputnik / Alexander Imedashviliღამის თბილისი
ღამის თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 25.06.2025
გამოწერა
კვლევის თანახმად, გამოკითხული კომპანიების 28%-მა განაცხადა, რომ დაქირავებულთა რაოდენობა იზრდება, პერსონალის შემცირებაზე მხოლოდ 3% საუბრობს.
თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. ქართულმა კომპანიებმა, რომლებიც საქმიანი კლიმატის კვლევის (BAG ინდექსი) ფარგლებში 2025 წლის მეორე კვარტალში გამოიკითხნენ, თავიანთი მიმდინარე მდგომარეობა და სამომავლო 6 თვის მოლოდინები დადებითად შეაფასეს, ნათქვამია საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის კვლევებში.
კომპანიებმა გამოკითხვაში მონაწილოება მიმდინარე წლის 13-29 მაისის პერიოდში მიიღეს. BAG ინდექსი მოიცავს ასოციაციის წევრებისა და მათ ბიზნეს-ჯგუფებში შემავალი კომპანიების მმართველი მენეჯერების შეფასებას ბიზნეს-კლიმატის, დასაქმების ბარომეტრის და საინვესტიციო გარემოს შესახებ.
კვლევაში BAG-ის წევრი კომპანიები იყოფა ოთხ სექტორად: ვაჭრობა, მომსახურება, მრეწველობა და მშენებლობა.
„გამოკითხულმა კომპანიებმა დადებითად შეაფასეს თავიანთი მდგომარეობა და მომავალი ექვსი თვის მოლოდინები. 2025 წლის მეორე კვარტალში BAG-ის ბიზნეს-კლიმატის ინდექსი იყო 31,7 ქულა, მათ შორის ბიზნესის ამჟამინდელი სიტუაციის ინდექსი 18,6 ქულა და ბიზნესის მოლოდინები 45,7ქულა", - ნათქვამია კვლევაში.
2025 წლის მეორე კვარტალში პირველ კვარტალთან შედარებით, ბიზნეს-კლიმატის მაჩვენებელი გაუარესდა.
BAG-ის ინფორმაციით, გაუარესების მიუხედავად, ბიზნეს-კლიმატის მაჩვენებელი აღმავლობის ფაზაშია.
ბიზნესის მიმდინარეობის ყველაზე მაღალი შეფასება სამშენებლო სექტორში დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე დაბალი მრეწველობის სექტორში. თუმცა, ყველაზე პოზიტიური მოლოდინები ვაჭრობის სექტორში დაფიქსირდა, ყველაზე ნაკლებად პოზიტიური კი სამშენებლო სექტორში.
მოსახლეობის დასაქმება
BAG-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხული კომპანიების 28%-მა განაცხადა, რომ დაქირავებულთა რაოდენობა წინა კვარტალთან შედარებით იზრდება, ხოლო პერსონალის შემცირებაზე მხოლოდ 3% საუბრობს. კომპანიების უმეტესობა ამბობს, რომ მათი დასაქმებულთა რიცხვი უცვლელი დარჩა.
გარდა ამისა, გამოკითხული კომპანიების 35% ვარაუდობს, რომ 2025 წლის მესამე კვარტალში გაზრდის თანამშრომლების რაოდენობას. მომდევნო კვარტალში სამუშაო ძალის შემცირებას ვარაუდობს 4%. კომპანიების უმეტესობა არ გეგმავს დასაქმებულთა რაოდენობის შეცვლას.
დასაქმების კუთხით ყველაზე დადებითი მოლოდინი სამშენებლო სექტორში დაფიქსირდა. გამოკითხული კომპანიების 64% მიმდინარე წლის მესამე კვარტალში პერსონალის ზრდას ელის.
რა უშლის ხელს ბიზნესს
კვლევაში აღნიშნულია, რომ წინა კვარტალთან შედარებით იმ კომპანიების რიცხვი, რომლებიც თვლიან, რომ არსებობს მათი საქმიანობის შემაფერხებელი ფაქტორები, 7 პროცენტული პუნქტით შემცირდა.
მეორე კვარტალში დასახელდა ხუთი ძირითადი მიზეზი, რომელიც საქართველოში ბიზნესს აფერხებს:
სპეციალისტების ნაკლებობა,
სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები,
სამუშაო ძალის ნაკლებობა,
ეროვნული ვალუტის არასტაბილურობა,
დაბალი მოთხოვნა
ეროვნული ვალუტის კურსის არასტაბილურობა განსაკუთრებით მწვავედ აისახება ვაჭრობის სექტორსა (47%) და მცირე ბიზნესზე (28%).
სპეციალისტების დეფიციტი ყველაზე მწვავეა სამშენებლო სექტორსა (88%) და საშუალო ბიზნესში (37%).
სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები თითქმის თანაბრად მოქმედებს ყველა ზომის კომპანიებზე, განსაკუთრებით სამშენებლო სექტორზე (63%).
მუშახელის დეფიციტი ყველაზე მწვავეა სამშენებლო სექტორში (75%) და თანაბრად მწვავეა როგორც მცირე, ისე მსხვილ საწარმოებში (26-28%).
მოთხოვნის ნაკლებობა ყველაზე დიდ საზრუნავს ვაჭრობის სექტორს წარმოადგენს (50%), თუმცა სამშენებლო სექტორში ეს პრობლემა საერთოდ არ შეიმჩნევა.
ფინანსებზე ხელმისაწვდომობა
მიმდინარე წლის მეორე კვარტალში გამოკითხული კომპანიების 55%-მა (10%-ით მეტი წინა კვარტალთან შედარებით) სცადა დაფინანსების მოძიება: მათგან 30%-მა განაცხადა, რომ ფინანსებზე ხელმისაწვდომობა საქართველოში პრობლემას წარმოადგენს. გარდა ამისა, კომპანიების უმრავლესობამ (71%) განაცხადა, რომ ისინი ადგილობრივი წყაროებიდან ფინანსდებიან.
საქართველოს ბიზნეს-ასოციაცია 2009 წელს დაარსდა და აერთიანებს 130-მდე ბიზნეს-ჯგუფს, რომლებიც ჰოლდინგის ტიპის კომპანიებს წარმოადგენენ. შესაბამისად, თითოეული ჰოლდინგის ჯგუფი თავის მხრივ მოიცავს მსხვილ, საშუალო და მცირე ბიზნეს-ორგანიზაციებს. ამრიგად, მთლიანობაში BAG აერთიანებს სხვადასხვა სიდიდის 1,2 ათასზე მეტ კომპანიას.
ყველა ახალი ამბავი
0