საქართველოში ყველაზე დიდი სტადიონი აშენდება: ადგილმდებარეობა ცნობილია

© photo: Sputnik / Stringerფეხბურთის მოედანი
ფეხბურთის მოედანი - Sputnik საქართველო, 1920, 24.06.2025
გამოწერა
მეგაპროექტის მშენებლობას მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს.
თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. საქართველოში 70 ათას გულშემატკივრზე გათვლილი ყველაზე დიდი სტადიონი, რომელიც ფეხბურთისა და რაგბის მატჩებს უმასპინძლებს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად აშენდება, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურისმიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დღეს საქართველოში ყველაზე დიდი სტადიონი ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაა", რომელიც თბილისში მდებარეობს - სტადიონი 55 ათასი მაყურებელზეა გათვლილი.
„თბილისში ახალი სტადიონის მშენებლობის ხელშეწყობის მიზნით შექმნილმა კომისიამ სტადიონის მშენებლობისთვის ადგილი აეროპორტის მიმდებარედ, ლუგარის კვლევით ცენტრსა და შავი ზღვის უნივერსიტეტს შორის შეარჩია“, - ნათქვამია განცხადებაში.
მთავრობის შესაბამისი განკარგულების თანახმად, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მეგაპროექტის მშენებლობას მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს. განკარგულებით ასევე განისაზღვრა სხვა სახელმწიფო უწყებების მიერ განსახორციელებელი ღონისძიებებიც.
ახალი სტადიონი საქართველოს უმაღლესი რანგის საფეხბურთო და სარაგბო ტურნირების მასპინძლობის შესაძლებლობას მისცემს და სპორტის აღნიშნულ სახეობებში დამატებით ინვესტიციებს მოიზიდავს.
გარდა სპორტული ღონისძიებების მასპინძლობისა, სტადიონის ბაზაზე მაღალი რანგის საკონცერტო ინფრასტრუქტურა და საკონფერენციო ცენტრი შეიქმნება.
ახალი მულტიფუნქციური სტადიონის კონცეფცია უეფას ექსპერტებთან ერთად მუშავდება.
მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ახალი სტადიონის მშენებლობის დასრულების შემდეგ, თბილისი 2028 წელს უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალის დედაქალაქში ჩატარების უფლების მინიჭებაზე განაცხადს წარადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0