ბაქრაძე: „ნაცმოძრაობა“ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მიცემის წინააღმდეგ ლობირებდა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს და ევროკავშირის დროშები
საქართველოს და ევროკავშირის დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 23.06.2025
გამოწერა
პოლიტიკოსის თქმით, ქვეყნისა და მისი მოსახლეობის გეოპოლიტიკური მისწრაფებები ინსტრუმენტად გამოიყენეს
თბილისი, 23 ივნისი – Sputnik. მაშინ, როდესაც საქართველო აქტიურად მიიწევდა წინ ევროპის ქვეყნებთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისკენ, ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები თვეების განმავლობაში პირად შეხვედრებზე ევროპელ პოლიტიკოსებს არწმუნებდნენ, რომ არ მიენიჭებინათ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმი, განაცხადა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ.
აღნიშნული განცხადება ბაქრაძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გააკეთა, სადაც განიხილავენ საკითხს - 2012-2025 წლებში ზოგიერთი პოლიტიკოსის მიერ საქართველოს საგარეო პოლიტიკური ინტერესებისთვის ზიანის მიყენება.
„ამავე პერიოდში, ამავე თვეების განმავლობაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის წევრები თვეების განმავლობაში დადიოდნენ და შეხვედრებისას საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მიცემის წინააღმდეგ ლობირებდნენ", - განაცხადა ბაქრაძემ.
მისი თქმით, ბევრი ევროპარლამენტარისა და ექსპერტისთვის გაუგებარი იყო, თუ როგორ შეეძლო იმ პერიოდისთვის წამყვან ოპოზიციურ პარტიას, რომელსაც გაცხადებული ჰქონდა პროევროპული განვითარების მხარდაჭერა, თავისი პოლიტიკური მიზნების გამო კითხვის ნიშნის ქვეშ დაეყენებინა ქვეყნის მოსახლეობისთვის ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, როგორიცაა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა.
„ისინი პირდაპირ ვერ მალავდნენ გაკვირვებას, აღშფოთებას იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლებისთვის მათ ოპონენტებთან ბრძოლა გადაიქცა გარკვეულწილად სახელმწიფოსთან და ხალხთან ბრძოლად“, - განაცხადა ბაქრაძემ.
როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, „ევროპის სახალხო პარტიამ", რომლის შემადგენლობაშიც შედის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, განზრახ შეანელა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების პროცესი, რათა 2016 წლის არჩევნების წინ არ გაძლიერებულიყო მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ პოზიციები.
„ანუ, „ოცნებასთან“, როგორც არჩეულ ხელისუფლებასთან დაპირისპირებისას, ქვეყნისა და მისი მოსახლეობის გეოპოლიტიკური მისწრაფებები ინსტრუმენტად იქნა გამოყენებული“, - განაცხადა ბაქრაძემ.
2017 წლის 28 მარტიდან ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ ევროკავშირის ქვეყნებში განახორციელონ ტურისტული და საქმიანი ვიზიტები 90 დღემდე უვიზოდ, მაგრამ არა უმეტეს ექვს თვეში ერთხელ.
27 იანვარს ევროკავშირის საბჭომ საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებს უვიზო რეჟიმი შეუჩერა. გადაწყვეტილება მიღებული იქნა საქართველოში 2024 წელს „გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის და „ოჯახური ფასეულობების და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის მიღების საპასუხოდ, რომელიც ლგბტ პროპაგანდას კრძალავს. ევროკავშირს მიაჩნია, რომ ეს კანონები ძირს უთხრის საქართველოს მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს.
ამასთან, დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს ევროკავშირში გამგზავრება ჩვეულებრივი პასპორტებით შეუძლიათ.
ყველა ახალი ამბავი
0