შსს: მამაკაცის გარდაცვალების საქმეზე პასუხს საგამოძიებო სამსახური გასცემს

© photo: Sputnik / The First Channel შსს-ს შენობა
შსს-ს შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 23.06.2025
გამოწერა
შსს-ს ცნობით, 38 წლის მამაკაცმა თბილისის ერთ-ერთ რესტორანში მონაწილეობა მიიღო ჩხუბში, რის შედეგადაც მან სხეულის სხვადასხვა ადგილას, მათ შორის თავის არეში, დაზიანებები მიიღო.
თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. ალან ყაყიტაშვილი, რომელიც გლდანი-ნაძალადევის პოლიციის განყოფილებაში ჩვენების მიცემის შემდეგ გარდაიცვალა, საგამოძიებო მოქმედებების დაწყებამდე ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა, რაც შეეხება გარდაცვალების მიზეზს, მას სპეციალური საგამოძიებო სამსახური დაადგენს, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე.
ზოგიერთმა ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, მათ შორის ყოფილმა ომბუდსმენმა ნინო ლომჯარიამ, აღშფოთება გამოთქვა თბილისის პოლიციის შენობაში მომხდარ წამების ფაქტთან დაკავშირებით, რომლის შედეგადაც, სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქე ალან ყაყიტაშვილი გარდაიცვალა.
„საზოგადოებას მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ ვიდრე პირი წარმოდგენილი იქნებოდა კანონმდებლობით დადგენილი წესით პოლიციის განყოფილებაში, იგი იყო ძალადობის მსხვერპლი იმ მოქალაქეების და იმ პირების მხრიდან, ვისთანაც ჰქონდა მას დაპირისპირება", - განაცხადა დარახველიძემ.
მისი თქმით, ყაყიტაშვილის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიებას სპეციალური საგამოძიებო სამსახური აწარმოებს და სწორედ გამოძიებით უნდა დადგინდეს მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი.
„ჩვენ აქტიურ რეჟიმში ვთანამშრომლობთ ამ უწყებასთან, რათა დროულად მოხდეს საკითხის გამოძიება. აქ მთავარი დასადგენია, რამ გამოიწვია მისი გარდაცვალება, რა იყო მთავარი მიზეზი", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
მან კიდევ ერთხელ მოუწოდა დაინტერესებულ პირებს, დაელოდონ გამოძიების დასრულებას და თავი შეიკავონ ცრუ და გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელებისგან.
როგორც ადრე შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, 7 ივნისს, 38 წლის მამაკაცმა თბილისის ერთ-ერთ რესტორანში მონაწილეობა მიიღო ჩხუბში, რის შედეგადაც მან სხეულის სხვადასხვა ადგილას, მათ შორის თავის არეში, დაზიანებები მიიღო.
გლდანი-ნაძალადევის პოლიციის განყოფილების შენობაში საგამოძიებო მოქმედებების დროს მამაკაცი ცუდად გახდა. სამართალდამცველებმა მაშინვე გამოიძახეს „სასწრაფო დახმარება" და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანიდან ორ დღეში გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ჩხუბთან დაკავშირებით ჯგუფური ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
ყველა ახალი ამბავი
0