ისრაელში საქართველოს საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე ჭურვი ჩამოვარდა

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს და ისრაელის დროშები
საქართველოს და ისრაელის დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 19.06.2025
გამოწერა
საელჩო მუშაობას განსაკუთრებულ რეჟიმში განაგრძობს.
თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. ისრაელში საქართველოს საელჩოს მიმდებარედ ჭურვის ჩამოგდების შედეგად საელჩოს შენობა არ დაზიანებულა და მუშაობას განაგრძობს. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
ისრაელმა 13 ივნისის ღამეს ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია სახელწოდებით „ლომთა ერი" დაიწყო.
„დღეს იმ შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც საქართველოს საელჩო მდებარეობს, ჩამოვარდა ჭურვი. ინციდენტის შედეგად საქართველოს საელჩოს შენობა არ დაზიანებულა. დიპლომატიური წარმომადგენლობა მიჰყვება შესაბამისი სამსახურების მიერ დადგენილ უსაფრთხოების ინსტრუქციებს და განაგრძობს მუშობას", - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, საელჩო ისრაელში არსებული უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს.
საელჩო საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან ადგილობრივი ხელისუფლების ინსტრუქციები და საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდნენ ნომრებზე: +972 526 919092; ცხელი ხაზი 24/7 – +972 3 609 3206.
ოპერაციის ფარგლებში დაიბომბა ირანის ბირთვული ობიექტები, ლიკვიდირებულია ირანის უმაღლესი სამხედრო თანამდებობის პირები და მეცნიერ-ფიზიკოსები, რომლებიც ბირთვულ პროგრამაზე მუშაობდნენ.
ირანი უარყოფს, რომ მის ბირთვულ პროექტს სამხედრო კომპონენტი აქვს. აშშ-ის სადაზვერვო სამსახურმა, პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და ისრაელის განცხადებების საწინააღმდეგოდ, დაასკვნა, რომ ირანი ბირთვული იარაღის შემუშავებას არ ცდილობდა, რაზედაც იუწყებოდა ტელეარხი CNN.
ირანი ისრაელს რაკეტებითა და დრონების გაშვებით პასუხობს და აცხადებს, რომ ისრაელის სამხედრო ძალებსა და ობიექტებს ესხმის თავს. ამავდროულად, ორივე მხრიდან იზრდება საცხოვრებელი კორპუსებზე დარტყმები და მშვიდობიან მოსახლეობას შორის მსხვერპლის რაოდენობა.
ისრაელი და ირანი დღეში რამდენჯერმე ახორციელებენ ორმხრივ დარტყმებს. ისრაელის ხელისუფლება პირობას დებს, რომ კამპანიას მანამ გააგრძელებს, სანამ ირანის ბირთვული პროგრამა არ განადგურდება. თეირანი, თავის მხრივ, ისრაელის დაბომბვით იმუქრება, სანამ იგი ირანზე იერიშის მიტანას არ შეწყვეტს.
ყველა ახალი ამბავი
0