საქართველოში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აუქმებენ

© photo: Sputnik / Stringerმთავრობის კანცელარია
მთავრობის კანცელარია - Sputnik საქართველო, 1920, 17.06.2025
გამოწერა
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს უფლებამოსილებას საქართველოს მთავრობა განახორციელებს.
თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. ეროვნული უსაფრთხოების საბჭო 2025 წლის 1-ელი სექტემბრიდან გაუქმდება და მის უფლებამოსილებას, საპარლამენტო მმართველობის მოდელის შესაბამისად, საქართველოს მთავრობა განახორციელებს, იუწყება პირველი არხი მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ლიკვიდაციის შესახებ შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივით მთავრობამ პარლამენტს უკვე მიმართა. როგორც ადმინისტრაციაში განმარტეს, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს უფლებამოსილებას საქართველოს მთავრობა განახორციელებს.
პარლამენტის თანხმობის შემთხვევაში შესაბამისი ცვლილებები „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში შევა.
ცვლილებების თანახმად, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ლიკვიდაციის მიზნით შეიქმნება სალიკვიდაციო კომისია, რომლის შემადგენლობას, საქმიანობის წესსა და უფლებამოსილებებს საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს.
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის აქტივებს, მათ შორის, ეროვნული სიტუაციური ოთახის ფუნქციონირების უზრუნველყოფის უფლებამოსილებას სალიკვიდაციო კომისია შესაბამის უწყებებს გადასცემს.
ამ დროისთვის საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭო შედგება რვა მუდმივი წევრისგან: თავდაცვის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ფინანსთა მინისტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, დაზვერვის სამსახურის უფროსი და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური.
საბჭოს ევალება ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვა და კოორდინაცია სტრატეგიულ დონეზე. უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარეობს პრემიერ-მინისტრი.
ყველა ახალი ამბავი
0