საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფ ქართველებს აფრთხილებს
© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს და ისრაელის დროშები

© photo: Sputnik / Stringer
გამოწერა
ირანისგან მოსალოდნელი საპასუხო შეტევის გამო ისრაელში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. ისრაელში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებისთვის რეკომენდაციებს ავრცელებს და მათ სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
ისრაელმა 13 ივნისს, გამთენიისას ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია, სახელწოდებით „ლომთა ერი" დაიწყო. ისრაელის შეტევაში ჩართული იყო ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალების 200-ზე მეტი თვითმფრინავი. ოპერაციის ფარგლებში დაიბომბა ირანის ბირთვული ობიექტები, ლიკვიდირებულია ირანის უმაღლესი სამხედრო თანამდებობის პირები და მეცნიერ-ფიზიკოსები, რომლებიც ბირთვულ პროგრამაზე მუშაობდნენ.
ირანისგან მოსალოდნელი საპასუხო შეტევის გამო ისრაელში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
ისრაელში არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, როდესაც უსაფრთხოების გარემო რთულია და შეიძლება, სწრაფად შეიცვალოს, საელჩო მოქალაქეებს აუცილებელ ნაბიჯებს ახსენებს.
„წითელი განგაშის" სირენის ჩართვის შემდეგ – დაიცავით ადგილობრივი ხელისუფლების ინსტრუქციები და დაუყოვნებლივ მოძებნეთ თავშესაფარი. იცოდეთ თქვენთვის უახლოესი თავშესაფრის ან დაცული სივრცის ადგილმდებარეობა.
შენობაში ყოფნისას – უნდა შეხვიდეთ სპეციალურ დაცულ სივრცეში/თავშესაფარში, დაკეტეთ კარ-ფანჯრები;
შენობის გარეთ ყოფნისას – იმ შემთხვევაში თუ ახლოს არ მდებარეობს სპეციალური თავშესაფარი ან არ არის არც ერთი შენობა, დაწექით და თავზე დაიფარეთ ხელები;
ავტომობილში – გააჩერეთ, გადმოდით ავტომობილიდან და შედით უახლოეს შენობაში ან თავშესაფარში. თუ თქვენს ახლოს შენობა ან თავშესაფარი არ მდებარეობს, გადმოდით მანქანიდან დაწექით და თავზე დაიფარეთ ხელები;
დაუშვებელია შენობის შესასვლელში, სადარბაზოებში მოქალაქეების გაჩერება;
სხვა ინსტრუქციის არ არსებობის შემთხვევაში განგაშის სიგნალის დასრულებიდან 10 წუთის შემდეგ შეგიძლიათ დატოვოთ შენობა;
დაუშვებელია ჩამოგდებულ რაკეტასთან ან სხვა ობიექტთან მიახლოება. ასეთ შემთხვევაში მოუწოდეთ მოქალაქეებს არ მიუახლოვდნენ ობიექტს/ჩამოგდებულ რაკეტას და აცნობეთ პოლიციას.
ტურისტული მიზნით ისრაელში მყოფ პირებს საელჩო მოუწოდებს, თავი შეიკავონ სასტუმროდან გამოსვლისა და ტურისტული ტურებისგან.
საელჩო მოქალაქეებს ურჩევს, თვალყური ადევნონ ადგილობრივ მედიას შემდგომი ინსტრუქციების მისაღებად, მოერიდონ ყველა დემონსტრაციასა და დიდ შეკრებებს, ასევე იმ ადგილებს, სადაც პოლიციელების დიდი რაოდენობაა.
უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელი იქნება ისრაელის თავდაცვის ძალების შიდა ფრონტის სარდლობის ვებსაიტზე.
საელჩო საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, საჭიროების შემთხვევაში, დაუკავშირდნენ ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს შემდეგ ნომრებზე: +972 526 919092; ცხელი ხაზი 24/7; +972 3 609 3206.
როგორც ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, ირანში დაარტყეს „ბირთვული პროგრამის გულს" - ურანის გამდიდრების მთავარ ობიექტს ქალაქ ნათანზში და ბალისტიკური რაკეტების პროგრამის ცენტრს.
ნეთანიაჰუს განცხადებით, ოპერაცია გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება ირანისგან მომდნარე საფრთხის გასანეიტრალებლად, რომელიც ისრაელის არსებობას ემუქრება.
ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი და შეიარაღებული ძალების სარდლობა ისრაელს მკაცრი პასუხით დაემუქრნენ.