რა დარღვევები გამოავლინა სატყეო სააგენტომ კახეთსა და მცხეთა-მთიანეთში

© Ministry of Internal Affairs of Georgiaხის მასალა
ხის მასალა - Sputnik საქართველო, 1920, 12.06.2025
გამოწერა
2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხეტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ.
თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში სამართალდარღვევის ფაქტები გამოავლინეს, ნათქვამია უწყების გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ადგილობრივ მკვიდრს დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთში ჰქონდა მოწყობილი.
უწყების ცნობით, კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ სახერხი საამქრო დაილუქა, ხის მასალა კი ყვარლის საქმიან ეზოში გადაიტანეს. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაგზავნილია შესაბამის საგამოძიებო უწყებაში.
ასევე, თიანეთის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე სამი ერთეული უნებართვო სანახშირეა გამოვლენილი. მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულია უკანონოდ მოპოვებული 10 კუბურ მეტრამდე საშეშე მერქანიც.
შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, ხოლო საშეშე მერქანი, შემდგომო რეალიზაციის მიზნით, გადატანილია თიანეთის საქმიან ეზოში.
როგორც ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა კახა ცერცვაძემ აღნიშნა, ბუნებრივი რესურსების უკანონო სარგებლობის აღკვეთის მიზნით, ეროვნული სატყეო სააგენტო პრაქტიკულად, 24-საათიან რეჟიმში მუშაობს.
„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მონიტორინგი თანამედროვე ტექნოლოგიების - ვიდეოხაფანგებისა და დრონების საშუალებითაც ხორციელდება. ქვეყნის მასშტაბით პატრულირებაში ჩართულია როგორც ეროვნული სატყეო სააგენტოს ასევე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები", - განაცხადა კახა ცერცვაძემ.
2025 წლის იანვარ-მაისში ჯამში ქვეყნის მასშტაბით ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 223 ფაქტი გამოავლინეს. „საქმიან ეზოებში" დასაწყობებული რესურსის მოცულობამ 485 კუბური მეტრი შეადგინა.
2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხეტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ.
ხეტყის კანონიერი მოპოვება მხოლოდ ე.წ. საქმიან ეზოებში ხდება. ქვეყანაში ხეტყის ორგანიზებული ჭრის, დახარისხებისა და შენახვის ობიექტები მოწყობილია იმერეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის რეგიონებში.
ე.წ. საქმიანი ეზოები სატყეო რეფორმის ფარგლებში გაიხსნა ტყის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში ხეტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის რესურსების გამოყენებას არეგულირებს.
საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მლნ ჰექტარს მოიცავს, საიდანაც 2,7 მლნ ჰექტარი ტყეებითაა დაფარული, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის (6,97 მლნ ჰექტარი) 40%-ს შეადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0