აშშ-ში საქართველოს ახალი ელჩის კანდიდატურა ცნობილია

© Courtesy of Tamar Taliashviliთამარ ტალიაშვილი
თამარ ტალიაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 10.06.2025
გამოწერა
აშშ-ში საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც პოსტი 2024 წლის დეკემბერში დავით ზალკალიანმა დატოვა.
თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. აშშ-ში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე თამარ ტალიაშვილის კანდიდატურაა წარდგენილი. ამის შესახემ საქართველოს მთავრობის განკარგულებაშია ნათქვამი, რომელიც 9 ივნისით თარიღდება.
აშშ-ში საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც პოსტი 2024 წლის დეკემბერში დავით ზალკალიანმა დატოვა.
„საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტისა და "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის "ღ" ქვეპუნქტის შესაბამისად, 2025 წლის 10 ივლისიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე საქართველოს პრეზიდენტს დასანიშნად წარედგინოს თამარ ტალიაშვილის კანდიდატურა", – ნათქვამია დოკუმენტში.
თამარ ტალიაშვილი 2022 წლის ოქტომბრიდან ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის პოსტს იკავებს.
ტალიაშვილი იყო თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე. იქამდე, 2017 წლიდან საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტად, ხოლო 2018 წლიდან — ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესის ვიცე-პრეზიდენტი.
2020-2022 წლებში თამარ ტალიაშვილი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკიდან "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო".
საქართველო და აშშ
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვის შესახებ 2024 წლის 30 მაისს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების ფონზე განაცხადა - აღნიშნული კანონი უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას ავალდებულებს დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და წელიწადში ერთხელ შეავსონ დეკლარაცია.
აშშ-მ და მთლიანად დასავლეთმა არაერთხელ მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას არ მიეღო კანონი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", რომელიც, მათი თვალსაზრისით, ევროპულ ღირებულებებს არ შეესაბამება. საქართველოს ხელისუფლება კვლავაც დაჟინებით ამტკიცებს, რომ გამჭვირვალობა ნიშნავს "ევროპელობას" და არის ქართველი ხალხის ინტერესებში.
საქართველოს მთავრობის პოლიტიკის პასუხად აშშ-მ სავიზო შეზღუდვები დაუწესეს საქართველოს ათეულობით მოქალაქეს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ქვეყანაში "დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე", ასევე გაურკვეველი დროით გადადეს სამხედრო სწავლება "ღირსეული პარტნიორი 2024" (Noble Partner) და შეაჩერეს მთავრობისთვის განკუთვნილი დახმარება 95 მლნ დოლარის ოდენობით.
ივლისის ბოლოს კი აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა საქართველოსთან ურთიერთობის გადახედვის ფარგლებში საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონი დოლარის დახმარების შეჩერების შესახებ განაცხადა.
თავის მხრივ, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის 30 მილიონი ევროს გაყინვისა და ასევე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ.
გარდა ამისა, 2024 წლის 9-11 ივლისს ვაშინგტონში გამართული ალიანსის სამიტის შედეგების მიხედვით მიღებულ დეკლარაციაში არ აღმოჩნდა ჩანაწერი, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, რაც იყო პირველი პრეცედენტი 2008 წელს ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ.
ყველა ახალი ამბავი
0