თეა წულუკიანმა გერმანიის ელჩი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მიიწვია

საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომა
საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომა - Sputnik საქართველო, 1920, 09.06.2025
გამოწერა
დიპლომატებს სააკაშვილის მმართველობის პერიოდში დაზარალებულთა ისტორიების მოსმენა შესთავაზეს
თბილისი, 9 ივნისი - Sputnik. საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერი ყოფილი მმართველი პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩადენილი დანაშაულების საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მიიწვია, რათა დიპლომატი „თავისუფალ დროს რაიმეთი დაკავდეს“. მან ეს წინადადება კომისიის სხდომის დასაწყისში გააჟღერა.
„ქართული ოცნების“ მხრიდან გერმანიის ელჩის კრიტიკა მას შემდეგ გაძლიერდა, რაც ის ოპოზიციური პოლიტიკოსებისა და „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომებს დაესწრო. პარლამენტის თავმჯდომარემ ელჩი გააკრიტიკა „თავისუფლება მზიას“ პლაკატის ფონზე ინტერვიუს ჩაწერის გამო.
„პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლის სასამართლო პროცესს არ აცდენს! როგორც ჩანს, სცალია, ბევრი თავისუფალი დრო აქვს და მინდა, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დასწრება შევთავაზო“, - განაცხადა წულუკიანმა.
მისი თქმით, გერმანიის ელჩისთვის კომისიის კარი ღიაა და თარჯიმანთან ერთად ნებისმიერ სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა ექნება.
წულუკიანის განცხადებით, „ზოგიერთი ელჩი საქართველოს კი არ გულშემატკივრობს და საკუთარ ქვეყანას კი არ წარმოადგენენ, პოლიტიკურ აქტივისტებად არიან ქცეული“.
„მობრძანდით და მოუსმინეთ, რას ჰყვება დღეს ნიკოლოზ გოგუაძე ყინწვისის სპეცოპერაციის საქმეზე - როგორ სცემეს, როგორ იხტუნავეს ცოცხალ ადამიანებზე, როგორ დაუმტვრიეს ხერხემალი, როგორ აწამეს და როგორ აყურებინეს სხვას სხვისი წამება, რის შემდეგაც ყველას აღიარებითი ჩვენების მიცემა მოუწიათ“, - აღნიშნა წულუკიანმა.
2011 წლის 26 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყინწვისის სამონასტრო კომპლექსთან (თბილისიდან დაახლოებით 110 კმ-ში) ჩატარებული სპეცოპერაციის დროს 20-ზე მეტი ადამიანი დააკავა. ისინი შეიარაღებული დაჯგუფების წევრობა და ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციის მიზნით შეიარაღებული პროვოკაციების მომზადებაში დაადანაშაულეს. შეიარაღებული დაჯგუფების ლიდერად არასამთავრობო ორგანიზაცია „ეროვნულ-რელიგიური მოძრაობის“ ხელმძღვანელი ნიკა გოგუაძე დასახელდა.
გოგუაძემ საგამოძიებო კომისიას დაკავებულთა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შესახებ უამბო. მისი თქმით, სპეცოპერაციის ხელმძღვანელი სამხედრო პოლიციის უფროსი მეგის ქარდავა იყო, რომელიც ამჟამად ციხეში იმყოფება.
წულუკიანმა განაცხადა, რომ კომისიაზე არის ადგილი დასწრების მსურველი ყველა ელჩისთვის. მოსმენილის შემდეგ ისინი გააკეთებენ ინფორმირებულ შეფასებებს, თუ ვინ იყო მიხეილ სააკაშვილი, აღნიშნა მან.
საქართველო და გერმანია
ჯერ კიდევ 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე, გერმანიის ბუნდესტაგმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას „საქართველოს ევროპული მომავლისთვის“. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების პირობებში საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში შემდგომი პროგრესი ვერ იქნება
გერმანიის მმართველი პარტიების დეპუტატებმა ასევე მოითხოვეს სექსუალური უმცირესობების უფლებების შემზღუდავი კანონების გაუქმება, რაც საქართველოს ევროინტეგრაციის შემდგომი პროგრესისთვის აუცილებელ პირობად მიიჩნიეს.
2024 წლის დეკემბრის დასაწყისში გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტრომ ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვის დაწყება გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ბერლინი არ განახორციელებდა ახალ პროექტებს და არ დადებდა სასესხო ხელშეკრულებებს საქართველოსთან.
გასული წლის დეკემბრის ბოლოს საქართველოში გერმანიის ელჩმა პიტერ ფიშერმა განაცხადა, ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევისა და პროევროპული პროტესტის ჩახშობის საპასუხოდ გერმანიამ საქართველოსთან 237 მლნ ევროს ღირებულების პროექტები შეაჩერა.
2024 წლის 31 დეკემბერს კი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ საქართველოს ცხრა მოქალაქეს, რომლებიც „პასუხისმგებელი არიან საქართველოში მომიტინგეებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ ძალადობაზე", ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.
გარდა ამისა, 2025 წლის თებერვალში გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალურმა სამინისტრომ გერმანულ-ქართული სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება შეაჩერა.
მიმდინარე წლის მარტში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დამატებითი აკრძალვები დააწესა იმ ქართველი ოფიციალური პირების ქვეყანაში შესვლაზე, რომლებიც საპროტესტო აქციების „ჩახშობაზე არიან პასუხისმგებლები".
გერმანიამ და საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წელს დაამყარეს. სწორედ ამ წელს გაიხსნა გერმანიის საელჩო საქართველოში. მას შემდეგ ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, უსაფრთხოების, კულტურისა და განათლების და სხვა მრავალ სფეროში.
ყველა ახალი ამბავი
0