ოპტიმიზაცია: განათლების სამინისტროში სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდა

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს განათლების სამინისტრო
საქართველოს განათლების სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 07.06.2025
გამოწერა
განათლების სამინისტროში ორი სამმართველო გაერთიანდა
თბილისი, 7 ივნისი - Sputnik. სამინისტროს სტრუქტურის ოპტიმიზაციისა და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, სტრატეგიული დაგეგმვისა და ინკლუზიური განვითარების სამმართველოები გაერთიანდა. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ განათლების სამინისტრომ რეორგანიზაციის ფარგლებში ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველო გააუქმა. უწყების მტკიცებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ ინკლუზიური განათლების სამმართველო გაუქმდა, არ შეესაბამება სიმართლეს.
სამინისტროს განცხადებით, ორი სამმართველოს გაერთიანების შედეგად აქამდე არსებული ინკლუზიური განვითარების სამმართველოს მეტი სტრატეგიული მნიშვნელობა მიენიჭა.
უწყების ცნობით, 2024 წლიდან მანდატურის სამსახურის ფუნქციები გაფართოვდა და მას ინკლუზიური განათლების კომპონენტი დაემატა. კერძოდ, მანდატურის სამსახურში ფუნქციონირებს ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრი, რომელიც მუშაობს ინკლუზიური განათლების მხარდამჭერ მიმდინარე და ახალ სერვისებზე.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ინკლუზიური განათლების სისტემის განვითარებაა და ამას მოწმობს 2022-2030 წლების განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგია, აღნიშნავენ უწყებაში.
ყველა ახალი ამბავი
0