ბინადრობის ნებართვა IT სპეციალისტებისთვის საქართველოში: დეტალები

© photo: Sputnikსტაციონარული კომპიუტერი
სტაციონარული კომპიუტერი - Sputnik საქართველო, 1920, 07.06.2025
გამოწერა
დოკუმენტი გაიცემა სამი წლის ვადით, მაგრამ მისი მოქმედების ვადა წყდება აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ნებართვის მქონე პირი ფაქტობრივად არ იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე 183 დღე ან მეტ ხანს ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის პერიოდში.
თბილისი, 7 ივნისი - Sputnik. საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა IT სპეციალისტებისთვის ლეგალიზაციის გამარტივება და ბინადრობის ნებართვის ახალ ფორმას ნერგავს.
ამ ეტაპზე ეს მხოლოდ კანონპროექტია, რომელმაც ყველა პროცედურა უნდა გაიაროს საქართველოს პარლამენტში - დეპუტატებმა ის სამი მოსმენით უნდა განიხილონ და მიიღონ, შემდეგ კი კანონპროექტს ხელი უნდა მოაწეროს საქართველოს პრეზიდენტმა.
იმის გათვალისწინებით, რომ ცვლილებების ინიციატორები მმართველი პარტიის დეპუტატები არიან, პროექტის მიღებასთან დაკავშირებით პრობლემა არ შეიქნება და 2025 წლის 1 ივლისისთვის ცნობილი გახდება ბინადრობის ნებართვის მისაღებად საჭირო დოკუმენტების საბოლოო სია.
ვინ მიიღებს ბინადრობის ნებართვას და რა ბენეფიტები ექნება მას
დოკუმენტი გაიცემა სამი წლის ვადით, მაგრამ მისი მოქმედების ვადა წყდება აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ნებართვის მქონე პირი ფაქტობრივად არ იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე 183 დღე ან მეტ ხანს ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის პერიოდში.
ამისათვის (IT) სფეროში დასაქმებული პირი უნდა იყოს რეგისტრირებული შრომითი იმიგრანტების რეესტრში, ან მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირად ან ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მოქმედი საერთაშორისო კომპანიის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირად.
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე უცხოელმა უნდა წარადგინოს ტექნოლოგიების სფეროში შრომითი ან ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი, აგრეთვე ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ მის მიერ ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში შრომითი ან ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შედეგად მიღებული ანაზღაურების მოცულობა წლიურად 25.000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის ოდენობაზე ნაკლები არ არის.
IT სფეროში დასაქმებული პირების გარდა, საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვას მათი ოჯახის წევრებსაც მიანიჭებენ.
ბინადრობის ნებართვა იძლევა ქვეყანაში ლეგალურად დარჩენის, ასევე რიგი სახელმწიფო პროგრამებით სარგებლობის უფლებას. თუმცა, ის არ იძლევა არჩევნებზე ხმის მიცემის, პოლიტიკურ ცხოვრებაში რაიმე ფორმით მონაწილეობის ან სასოფლო-სამეურნეო მიწის ფლობის უფლებას, ასევე მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის განკუთვნილი პროგრამებით სარგებლობის უფლებას.
საქართველოს სარგებელი
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელის ავთანდილ კასრაძის შეფასებით, IT სფეროში უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ბინადრობის 3-წლიანი ნებართვების გაცემის შემდეგ, საქართველოში საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიების რიცხვი 2 წელიწადში შეიძლება გაორმაგდეს.
„აქ აღსანიშნია მინიმალური ხელფასის მოთხოვნა იმისთვის, რომ საქართველოში მაღალი დონის სპეციალისტები შემოვიდნენ და მათთვის მაქსიმალურად ხელშესაწყობი გარემო შევქმნათ. ეს ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ საერთაშორისო სტატისტიკებით მათი ხელფასი დაახლოებით 40-45% ქვეყანაში იხარჯება“, - განაცხადა კასრაძემ.
მისი თქმით, ხელისუფლების ამოცანაა - რომ IT-სპეციალისტებმა რაც შეიძლება მეტი ფული დახარჯონ საქართველოში.
„ბევრი მიმართულებით უცხოური სამუშაო ძალა უფრო მეტი ეკონომიკური ეფექტის მიმღებია როდესაც ის საქართველოში ცხოვრობს, ვიდრე სხვაგან რომ ცხოვრობდეს. მთავრობა მარტო გადასახადის აღებაზე რომ იყოს ორიენტირებული მნიშვნელობა არ აქვს, ბიუჯეტის შევსება მაინც მოხდება, მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ მაქსიმალურად აქ ცხოვრობდნენ, რათა ქვეყნის ეკონომიკაში უფრო მეტი ეფექტი იყოს“, - განმარტავს GITA-ს ხელმძღვანელი.
2023 წლისთვის გამოქვეყნებული ბოლო მონაცემების თანახმად, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) სექტორი საქართველოში ყველაზე სწრაფად მზარდია. IT სექტორის შემოსავალმა 2023 წელს 2,4 მილიარდი ლარი შეადგინა, საიდანაც 2,1 მილიარდი ლარი მომსახურების ექსპორტიდან იქნა გენერირებული.
2023 წელს IT სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 30,2 ათასი ადამიანი იყო, ხოლო ამ სექტორში საშუალო ხელფასი 6.940 ლარია. IT სექტორში 24.117 კომპანია მოქმედებდა - ძირითადად უცხოელი ინდმეწარმეები.
ყველა ახალი ამბავი
0