„ქართული ოცნება“ მისი მისამართით სიძულვილის ენის გამოყენების გამო შსს-ს მიმართავს

© photo: Sputnik / Stringer2024 წლის 30 ნოემბერი. საპროტესტო აქცია პარლამენტთან
2024 წლის 30 ნოემბერი. საპროტესტო აქცია პარლამენტთან - Sputnik საქართველო, 1920, 06.06.2025
გამოწერა
ქართული საზოგადოება ყოველდღიურად თვალს ადევნებს რადიკალური ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ ზიზღისა და ტერორის კამპანიას, განაცხადა დეპუტატმა
თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. მმართველი პარტიის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საპარლამენტო ფრაქცია მისი მისამართით გამოყენებულ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლას სასამართლოს მეშვეობით და შინაგან საქმეთა სამინისტროს დახმარებით გეგმავს, განაცხადა ფრაქციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ.
მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ ამ კვირაში კომუნიკაციების კომისიაში შეიტანა საჩივარი ოპოზიციური ტელეარხების ვებსაიტების წინააღმდეგ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის დარღვევის გამო, რადგან ისინი იყენებენ ისეთ ტერმინებს, როგორიცაა „არალეგიტიმური პარლამენტი“, „ოლიგარქი“, „რეჟიმის საქალაქო სასამართლო“ და სხვა მსგავს ტერმინებს, რაც პორტალებმა ცენზურის მცდელობად შეაფასეს.
„ფრაქცია „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, ჩვენი ფრაქციის წევრთა წინააღმდეგ, გარედან დაფინანსებული სიძულვილის ენის კამპანიის საპასუხოდ, ვიწყებთ სამართლებრივ დავას და შემდგომი რეაგირებისთვის საჩივრით მივმართავთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რათა მომავალში ვერავინ შეძლოს საჯარო სივრცეში დესტრუქციული, უკიდურეს შეურაცხყოფაზე დამყარებული, სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციისკენ მიმართული ზიზღის ენის პროპაგანდირება და ტერორის გავრცელება”, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი კირცხალიამ.
მისი თქმით, ქართული საზოგადოება ყოველდღიურად თვალს ადევნებს რადიკალური ოპოზიციის მიერ სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ კარგად ორგანიზებულ ზიზღისა და ტერორის კამპანიას.
„სიძულვილის ენა – იქნება ეს ორკესტრირებული შეურაცხყოფა, მიზანმიმართული კამპანია თუ პოლიტიკური ძალადობის წახალისება, ვერ იქნება ქართული პოლიტიკის ნაწილი“, - განაცხადა კირცხალიამ.
მისი თქმით, თავის განცხადებაში მმართველი პარტია დაეყრდნობა სისხლის სამართლის კოდექსის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ნორმებს, რომლებიც მიმდინარე წლის მარტში დამტკიცდა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ან პოლიტიკური თანამდებობის პირის, საჯარო მოხელის, საჯარო მოხელესთან გათანაბრებული პირის და/ან მისი ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის მუქარა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ან შესრულებასთან დაკავშირებით ან მათ საქმიანობასთან დაკავშირებით ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 12 წლამდე.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებების თანახმად, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიმართ გინება, სიტყვიერი შეურაცხყოფა, შეურაცხმყოფელი ქცევა ან სხვა შეურაცხმყოფელი ქმედება ან იგივე ქმედება, რომელიც დაკავშირებულია პირთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან ან საქმიანობასთან, ისჯება ჯარიმით 1,5-დან 4 ათას ლარამდე ან პატიმრობით 45 დღემდე ვადით.
ყველა ახალი ამბავი
0