დევნილთა სააგენტო იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს სახლს შეუსყიდის

© Sputnik / Alexander Imedashviliსახლი სოფელში
სახლი სოფელში - Sputnik საქართველო, 1920, 04.06.2025
გამოწერა
საცხოვრებლის შესყიდვისთვის გამოყოფილი თანხა ოჯახის სულადობის გათვალისწინებით განისაზღვრება.
თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო იძულებით გადაადგილებულ 2 ათასზე მეტ ოჯახს სახლს შეუსყიდის, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აღნიშნული ოჯახების სია სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. დევნილ ოჯახებს ექვსთვიანი ვადა ეძლევათ, რათა სახლები საქართველოს ნებისმიერ რეგიონში თავადვე შეარჩიონ. საცხოვრებლის შესყიდვისთვის გამოყოფილი თანხა ოჯახის სულადობის გათვალისწინებით განისაზღვრება.
სააგენტოს ცნობით, "სოფლად სახლის" შესყიდვის პროექტმა ბოლო წლებში განსაკუთრებული მასშტაბები შეიძინა. 2025 წლის ბიუჯეტში, დევნილი ოჯახებისთვის სახლების შესყიდვის მიზნით, 70 მლნ ლარამდე გამოიყო. მიმდინარე წელს სააგენტომ ახალი საცხოვრებელი 700-ზე მეტ დევნილ ოჯახს უკვე შეუსყიდა. პროექტის ფარგლებში, იძულებით გადაადგილებული ოჯახების განაცხადები მუდმივ რეჟიმში მიიღება,
საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს დევნილი ოჯახების სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფა და ცხოვრების ღირსეული პირობების შექმნა.
იძულებით გადაადგილებული პირების საცხოვრებელთან დაკავშირებული პრობლემა საქართველოში 1990-იანი წლების შემდეგ დგას. ქვეყანაში დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ოთხი ვარიანტი მოქმედებს — სახელმწიფო დევნილებისთვის ბინებს ყიდულობს; მათთვის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს აშენებს; თუ დევნილის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი ადგილობრივ ან სახელმწიფო ბალანსზეა, მაშინ სახელმწიფო მათ აღნიშნულ ფართს უკანონებს; თუ დევნილები ცხოვრობენ შენობაში, რომელიც კერძო საკუთრებას წარმოადგენს, მაშინ სახელმწიფო მესაკუთრისგან ფართის გამოსყიდვას აწარმოებს და დევნილებს გადასცემს.
ამჟამად საქართველოში დაახლოებით 290 ათასი დევნილია რეგისტრირებული, ეს 92 ათასი ოჯახია. სახელმწიფო დევნილ ოჯახებს ბინებს ეტაპობრივად გადასცემს, მაგრამ ისინი თავის რიგს წლების განმავლობაში ელოდებიან.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების პროგრამის ფარგლებში 2022-2025 წლებში ახალ საცხოვრებელს 13 ათასამდე დევნილი ოჯახი მიიღებს. 7 ათასამდე ოჯახი ბინებს ახალაშენებულ კორპუსებში მიიღებს, 6 ათასი ოჯახი კი "სოფლად სახლის" პროგრამის ფარგლებში განსახლდება.
ყველა ახალი ამბავი
0