პრემიერ-მინისტრი დეპუტატების წინაშე მოხსენებით ივნისის ბოლოს წარდგება

© Sputnik / Vladimir Umikashviliპრემიერი პარლამენტში
პრემიერი პარლამენტში - Sputnik საქართველო, 1920, 03.06.2025
გამოწერა
რეგლამენტის თანახმად, პრემიერ-მინისტრი ვალდებულია, დეპუტატების წინაშე სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენებით წელიწადში ერთხელ წარდგეს
თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საკანონმდებლო ორგანოში სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მოხსენებით 27 ივნისს წარდგება. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
დოკუმენტი წერილობითი სახით ბიუროს სხდომაზე ორშაბათს, 2 ივნისს წარედგინა.
პრემიერ-მინისტრის მოხსენება მოიცავს ინფორმაციას შესრულებული სამუშაოს შესახებ ისეთ სფეროებში, როგორიცაა საგარეო პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა და ეკონომიკა, ასევე მონაცემებს მნიშვნელოვანი სამთავრობო პროგრამების განხორციელების შესახებ.
მოხსენებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობამ განაგრძო თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმა ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე სახელმწიფო მართვის სისტემის შექმნის მიზნით. აქცენტი გაკეთდა ადამიანური რესურსების მართვის გაუმჯობესების მიმართულებით. გაუმჯობესდა სახელმწიფო სერვისების მიწოდება და ასევე მუშაობა მიმდინარეობდა ელექტრონული მმართველობის სისტემების გაძლიერების მიმართულებით.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა მიწის რეგისტრაციის, ციფრული იდენტიფიკაციის, მონაცემთა გაცვლისა და ინფრასტრუქტურის განვითარებით, რაც მიმართულია მომსახურების ხარისხის ამაღლებისა და სახელმწიფო სერვისებზე მოქალაქეთა წვდომის გასაუმჯობესებლად.
როგორც მოხსენებაშია აღნიშნული, გლობალური გეოპოლიტიკური დაძაბულობის მიუხედავად, საქართველოს მთავრობა მტკიცედ აგრძელებს სამთავრობო პროგრამით განსაზღვრული სტრატეგიული მიზნების განხორციელებას და ქვეყანას მშვიდობიანი, მდგრადი და ინკლუზიური განვითარების გზაზე წარმატებით მიუძღვება.
რეგლამენტის თანახმად, პრემიერ-მინისტრი ვალდებულია, წელიწადში ერთხელ, გაზაფხულის სესიის პლენარული სხდომების ბოლო თვეში, პარლამენტს წარუდგინოს ანგარიში სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ.
მთავრობის მეთაურის მოხსენებით პარლამენტი გაზაფხულის სესიის ფარგლებში მუშაობას დაასრულებს.
კობახიძე საკანონმდებლო ორგანოში გასული წლის 28 ივნისს წარდგა.
ყველა ახალი ამბავი
0