საქართველოს პირველმა პირებმა პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცეს

© photo: Sputnik / Stringerპოლიციის დღე საქართველოში
პოლიციის დღე საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 31.05.2025
გამოწერა
საქართველოში დღეს, 31 მაისს პოლიციელის დღე აღინიშნება.
თბილისი, 31 მაისი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცეს.
პოლიციის დღესთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიება თბილისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს.
როგორც მთავრობის მეთაურმა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სწორედ პოლიციელებს მიუძღვნით ყველაზე დიდი დამსახურება იმაში, რომ დღეს საქართველო, როგორც უსაფრთხო ქვეყანა, ერთ-ერთი მოწინავეა მსოფლიო მასშტაბით.
„თქვენ პირველები დგახართ კანონის სადარაჯოზე, იცავთ საზოგადოებრივ წესრიგს, ებრძვით დანაშაულს და ზრუნავთ თითოეული ჩვენგანის უსაფრთხოებაზე. ეს სამსახური, პროფესიონალიზმთან ერთად, მოითხოვს განსაკუთრებულ სიმამაცეს, ერთგულებასა და მუდმივ მზადყოფნას, რისკზე წახვიდეთ საკუთარი სიცოცხლის ფასადაც კი", - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერის თმით, მათვრობის მიზანია, შექმნას ისეთი გარემო, სადაც თითოეული პოლიციელი თავს დაცულად, მოტივირებულად და კიდევ უფრო მეტად დაფასებულად იგრძნობს.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ პოლიციელს, ვინც ღირსეულად ატარებს მუნდირს და მზადა დაუფიქრებლად გასწიროს საკუთარი სიცოცხლე სხვების გადასარჩენად.
„მადლობა იმისთვის, რომ ყოველთვის ბრძოლის წინა ხაზზე ხართ, ქმნით ჩვენი მოსახლეობისთვის უსაფრთხო გარემოს. ჩვენო საამაყო პოლიციელებო, თქვენ ხართ ადამიანები, ვინც სირთულეების მიუხედავად, სრულფასოვნად ართმევთ თავს ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის მიერ დაკისრებულ მოვალეობას - დაიცვათ წესრიგი ქვეყანაში და ჩვენი თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება", - განაცხადა პრეზიდენტმა.
ყაველაშვილმა აღნიშნა, რომ მშვიდობას, წესრიგის დაცვასა და სტაბილურობას სახელმწიფოსთვის ფუნდამენტური მნიშვნელობა გააჩნია.
შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პარლამენტის სახელით ყველა პოლიციელს მადლობა გადაუხადა ქვეყნის სიყვარულისთვის, თავდადებისთვისა და პროფესიონალიზმისთვის.
„გიდასტურებთ პატივისცემასა და მტკიცე მხარდაჭერას. ჩვენ გავაგრძელებთ ერთად მუშაობას, რათა გავაძლიეროთ ჩვენი სამართალდამცავი სისტემა, ხოლო ჩვენი სამართალდამცველები ყოველთვის იყვნენ სათანადოდ აღჭურვილები, მომზადებულები და დაფასებულები, დემოკრატიული მმართველობისა და ადამიანის უფლებათა პრინციპების შესაბამისად", - განაცხადა პაპუაშვილმა.
სამართალდამცველებს პროფესიული დღე მიულოცა თბილისის მერმა კახა კალაძემაც. მისი თქმით, სახელმწიფოს შენების პროცესში პოლიციელს მნიშვნელოვანი როლი აკისრია.
„ატარებდე პოლიციელის მუნდირს, ნიშნავს არა მარტო დაკისრებული მოვალეობის შესრულებას, არამედ გაცნობიერებას იმ უდიდესი პასუხისმგებლობის, რაც ქვეყნის უსაფრთხოების სადარაჯოზე ყოფნა, ადამიანის უფლებების დაცვა და მართლწესრიგის აღსრულებაა. პოლიციელზე ხელის აღმართვა ნიშნავს სახელმწიფო ინსტიტუციაზე თავდასხმას", – განაცხადა კახა კალაძემ.
უწყების თანამშრომლებს პოლიციის დღე ახლად დანიშნულმა შინაგან საქმეთა მინისტრმა გელა გელაძემაც მიულოცა და მათდამი პატივისცემა და მადლიერება გამოხატა. გელა გელაძემ რამდენიმე დღის წინ ვახტანგ გომელაური შეცვალა, რომელიც ამ პოსტს 2019 წლიდან იკავებდა.
პოლიციის დღე ქვეყანაში 2010 წელს დაწესდა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრძანებულებით. იმ პერიოდში დღესასწაული ყოველწლიურად აღინიშნებოდა 6 მაისს – გიორგობაზე, რაც არაერთგვაროვან რეაქციას იწვევდა საზოგადოებაში.
მას შემდეგ, რაც ქვეყნის ხელისუფლებაში "ქართული ოცნება" მოვიდა და პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გახდა, პოლიციის დღედ ჯერ 30 მაისი გამოცხადდა, შემდეგ – 2 ივნისი. ბოლო წლებში კი პოლიციის დღე საქართველოში 31 მაისს აღინიშნება.
ყველა ახალი ამბავი
0