თავდასხმა ქართულ ეკონომიკაზე: პაპუაშვილი საფრანგეთის და პოლონეთის საელჩოების განცხადებებზე

© photo: Sputnik / Stringerშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 30.05.2025
გამოწერა
საფრანგეთის და პოლონეთის საელჩოებმა თავისი მოქალაქეები გააფრთხილეს, რომ უცხოელებისთვის, მათ შორის ევროკავშირის მოქალაქეებისთვის, საქართველოში საზღვრის კვეთაზე უარის თქმის შემთხვევები გახშირდა
თბილისი, 30 მაისი - Sputnik. პოლონეთის და საფრანგეთის საელჩოების გაფრთხილება საკუთარი მოქალაქეებისთვის, რომ ასჯერ დაფიქრდნენ და ისე ჩამოვიდნენ საქართველოში, ეს არის უსაფუძვლო შეტევა ქართულ ტურიზმზე - ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთ საკვანძო დარგსა და ხალხის კეთილდღეობის წყაროზე, დაწერა სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
პოლონეთის და საფრანგეთის საელჩოებმა 30 მაისს გაავრცელეს ინფორმაცია უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, მათ შორის ევროკავშირის მოქალაქეებისთვის, საქართველოში შესვლაზე უარის თქმის შემთხვევების ზრდის შესახებ და მოქალაქეებს მოუწოდეს მოგზაურობის დაგეგმვისას შესაძლო რისკების გათვალისწინებისკენ. დიპლომატიურ უწყებებში აღნიშნეს, რომ დემონსტრაციებში მონაწილეობისთვის, თუნდაც სავარაუდო მონაწილეობისთვის, უცხოელებს შეიძლება ჯარიმები დაეკისროთ.
„გუშინ ვაიმარის სამკუთხედის წევრმა პოლონეთის და საფრანგეთის საელჩოებმა გაავრცელეს გაფრთხილება საკუთარი მოქალაქეებისთვის, რომ ასჯერ დაფიქრდნენ და ისე ჩამოვიდნენ საქართველოში, ვითომცდა საქართველოს საზღვარზე არ შემოშვების დიდი რაოდენობის გამო“, - დაწერა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ძალიან შემაშფოთებელია, თუ ქართულ პოლიტიკაზე წარუმატებელი თავდასხმების შემდეგ, ახლა ქართულ ეკონომიკაზე თავდასხმები უნდა ვიხილოთ, აღნიშნა მან.
„ტურიზმი ჩვენი ხალხის კეთილდღეობის ზრდისთვის მნიშვნელოვანი სფეროა, მასზე უსაფუძვლო თავდასხმა კი, ქართველი ხალხის კეთილდღეობაზე და ჩვენს ეროვნულ ინტერესზე თავდასხმაა“, - დაწერა პაპუაშვილმა.
როგორც პარლამენტის სპიკერმა აღნიშნა, სინამდვილე, აბსოლუტურად სხვაა ვიდრე ის აღქმა, რომლის შექმნასაც ამგვარი განცხადებებით ცდილობენ.
„საბედნიეროდ, საზღვრის კვეთა არა აღქმების სფერო, არამედ სტატისტიკის და ფაქტების სამყაროა. სტატისტიკა კი ამ განცხადებების რეალობასთან აცდენას ამხელს და აჩვენებს, რომ საქმე სულ სხვაა“, - დაწერა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, პოლონეთი და საფრანგეთი, ისევე როგორც ჯამურად ევროკავშირი, უფრო მეტ ქართველს ეუბნება უარს საზღვრის კვეთაზე, ვიდრე პირიქით.
ამის დასტურად პაპუაშვილმა მოიყვანა სტატისტიკური მონაცემები. ასე მაგალითად, 2024-2025 წლებში საქართველომ საზღვრის კვეთაზე უარი უთხრა პოლონეთის სულ 9 მოქალაქეს, ხოლო პოლონეთმა - საქართველოს 1250 მოქალაქეს.
ამავე პერიოდში საქართველომ საზღვრის კვეთაზე უარი უთხრა საფრანგეთის სულ 16 მოქალაქეს, ხოლო საფრანგეთმა - საქართველოს 145 მოქალაქეს. ასევე, 2024-2025 წლებში საქართველომ საზღვრის კვეთაზე უარი უთხრა ევროკავშირის სულ 184 მოქალაქეს, ხოლო ევროკავშირის ქვეყნებმა - საქართველოს 4825 მოქალაქეს.
პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე მიუთითა იმ ფაქტზე, რომ 2024-2025 წლებში, პოლონეთმა - 249, საფრანგეთმა - 280, ევროკავშირმა კი ჯამში 2463 საქართველოს მოქალაქე ქვეყნიდან გამოაძევა.
„ასე რომ, საქართველოს ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი საზღვარზე არშეშვების იმ რაოდენობებამდე მისასვლელად, რაც ევროკავშირის ჩვეული პრაქტიკაა. მნიშვნელოვანია, რომ საელჩოები იცავდნენ ვენის კონვენციას და არ ავრცელებდნენ ისეთ ინფორმაციას, რომელიც ყალბ აღქმებს ქმნის ადგილსამყოფელი ქვეყნის შესახებ“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
საქართველოში ტურიზმის სფერო დინამიურად ვითარდება. „საქსტატის" ცნობით, 2025 წლის პირველ კვარტალში უცხოელებმა საქართველოში დაახლოებით 2,3 მლრდ ლარი დახარჯეს, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდს 8,3%-ით აღემატება.
სულ, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში საქართველოს 1,3 მილიონი მოგზაური ეწვია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1,1%-ით მეტია.
2024 წელს საქართველოს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2023 წელთან შედარებით 7,3%-ით გაიზარდა და 4,4 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0