თბილისის მეგობარ ქალაქებს შანხაიც შეუერთდა

© photo: Sputnik / Sergey Subbotin / გადასვლა მედიაბანკშიშანხაი
შანხაი - Sputnik საქართველო, 1920, 29.05.2025
გამოწერა
საქართველოს დედაქალაქს უკვე 23 მეგობარი ქალაქი ჰყავს.
თბილისი, 29 მაისი — Sputnik. თბილისსა და შანხაის შორის მეგობრული ურთიერთობების დამყარების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა, იუწყება თბილისის მერია.
დოკუმენტი თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიას ჩინეთის ქალაქ შანხაიში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა. მემორანდუმს ხელი შანხაის ვიცე-მერმა სიე ტუნგმა და ანდრია ბასილაიამ მოაწერეს.
მემორანდუმი ითვალისწინებს ქალაქებს შორის სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობას, მათ შორის, სპორტის, კულტურის, გამწვანების, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სფეროში.
„თბილისისა და შანხაის დამეგობრება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. შანხაი სიდიდით მეორე ქალაქია ჩინეთში, სადაც 24 მლნ ადამიანი ცხოვრობს. მისი ეკონომოკა მსოფლიოს ქალაქებს შორის მე-5 ადგილზეა. შანხაის მთლიანი შიდა პროდუქტი 750 მილიარდ დოლარს შეადგენს და მსოფლიოში ცნობილია ყველაზე დიდი ტვირთბრუნვის პორტით", - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.
ჩინეთის ეს ქალაქი რიგით 23-ეა საქართველოს დედაქალაქთან დამეგობრებულ ქალაქებს შორის.
თბილისის და შანხაის ვიცე-მერების შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას და ქალაქებს შორის თანამშრონლობის გაღრმავების აუცილებლობას.
ვიზიტის ფარგლებში, თბილისის მერის მოადგილე „შანხაის საერთაშორისო თანამშრომლობის ფორუმსაც" დაესწრო და ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
აღნიშნულ ფორუმზე მიწვეული იყო 26 ქალაქის დელეგაცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. მათ შორის იყვნენ შანხაის, ლივერპულის, ათენის, მარსელის, ლოს-ანჯელესის, რიო-დე-ჟანეიროს და სხვა ქალაქების მერები და ვიცე-მერები.
ყველა ახალი ამბავი
0