ლაგოდეხსა და ახმეტაში პოლიციამ დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო: დაკავებულია 5 პირი

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 29.05.2025
გამოწერა
ბოლო პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტრო ნარკორეალიზატორების გამოვლენის მიზნით სისტემატურ ღონისძიებებს ახორციელებს
თბილისი, 29 მაისი — Sputnik. სამართალდამცველებმა კახეთში სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაკავებულებს, რომელთა ასაკი 32-დან 60 წლამდეა, საგამოძიებო უწყება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებასა და დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირებას ედავება. ბრალდებულებს შორის არიან წარსულში ნასამართლევი პირებიც.
უწყების ცნობით, პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე განახორციელა ნარკოტიკის საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.
სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების და ფერმის ჩხრეკის შედეგად ნარკოტიკული საშუალებები ბუპრენორფინი და გამომშრალი მარიხუანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. ასევე ნარკოტიკული საშუალების კულტივირებისთვის მოწყობილი სათბურიდან ამოღებულია დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარეები.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე, 265-ე და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0