შინაგან საქმეთა მინისტრის პორტფელი გელა გელაძემ ჩაიბარა

© photo: Sputnik / The First Channel შინაგან საქმეტა სამინისტრო
შინაგან საქმეტა სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 28.05.2025
გამოწერა
ივსება
პრემიერ-მინისტრის თქმით, გელა გელაძეს ძალოვან სტრუქტურაში მუშაობის მრავალწლიანი სტაჟი აქვს.
თბილისი, 28 მაისი — Sputnik. შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ვახტანგ გომელაურს გელა გელაძე შეცვლის, განაცხადა სპეციალურ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
ვახტანგ გომელაურმა თანამდებობის დატოვების შესახებ დღეს განაცხადა. როგორც ექს-მინისტრმა აღნიშნა, იგი ერთგული რჩება „ქართული ოცნების" სამთავრობო გუნდის.
„დღეიდან ბატონი გელა (გელაძე) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობას შეასრულებს. მინდა, ბატონ გელას ამ თანამდებობაზე დიდი წარმატებები ვუსურვო“, - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ მისი ხელმძღვანელობით შინაგან საქმეთა სამინისტროში გაგრძელდება პროგრესი და განვითარება და ამასთან, თითოეული პოლიციელის ინტერესებზე ზრუნვა.
„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი სისტემა, შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემა, კიდევ უფრო გაძლიერდება. კიდევ ერთხელ მინდა ვუსურვო მას წარმატებები ამ ყველაფერში“, - განაცხადა პრემიერმა.
გელაძის ბიოგრაფია
შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე, რომელიც განათლებით იურისტია, მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნამდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
გელაძემ კარიერა საქართველოს პროკურატურაში დაიწყო, სადაც 1999 წლიდან 2001 წლამდე პერიოდში სტაჟიორი იყო, შემდეგ კი გახდა შსს-ს ვაკე-საბურთალოს რაიონის საგამოძიებო სამსახურში გამომძიებლის თანაშემწე.
2004 წელს იგი დაინიშნა შსს-ს დიდუბე-ჩუღურეთის საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლად, ხოლო იმავე წლის ბოლოს - სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროს გამომძიებლად.
იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს გამომძიებელი, მოგვიანებით დაიკავა თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს განყოფილებაში ინსპექტორის პოზიცია.
2005-2006 წლებში იყო შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის განყოფილების უფროსის მოადგილე, 2007 წელს იუსტიციის სამინისტროს პრობაციის დეპარტამენტში – მრჩეველი, მოგვიანებით კი იუსტიცის სამინისტროს გენინსპექციის მრჩეველი.
2008 წელს მან ბიზნეს-საქმიანობა დაიწყო და 2010 წლამდე შპს „ელიზი ჯგუფის“ დირექტორი იყო. 2010 წელს იგი სახელმწიფო სტრუქტურაში დაბრუნდა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილე გახდა.
2012 წელს დაიკავა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის პოსტი.
2016-2018 წლებში დაიკავა შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში სამმართველოს უფროსის თანამდებობა, 2018 წელს გახდა საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი.
2023-2024 წლებში იყო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე, მოგვიანებით კი აღნიშნული პოზიცია დაიკავა თავდაცვის სამინისტროში.
2024 წელს დაიკავა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის ტანამდებობა.
ყველა ახალი ამბავი
0