გელაძე: დიდი პატივია, ვუხელმძღვანელო შინაგან საქმეთა სამინისტროს

© Courtesy of Gela Geladzeგელა გელაძე
გელა გელაძე - Sputnik საქართველო, 1920, 28.05.2025
გამოწერა
გელა გელაძეს ძალოვან უწყებებში მუშაობის მრავალწლიანი სტაჟი აქვს.
თბილისი, 28 მაისი — Sputnik. დიდი პატივია, ვუხელმძღვანელო შინაგან საქმეთა სამინისტროს, ღირსეულ და საამაყო პოლიციელებთან ერთად ვემსახურო ჩვენ ქვეყანასა და ხალხს, განაცხადა შსს-ს ახალმა მინისტრმა გელა გელაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
დღეს ცნობილი გახდა, რომ ვახტანგ გომელაურმა, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი 2019 წლიდან ეკავა, თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა.
გელა გელაძე მინისტრის თანამდებობაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე წარადგინა.
„დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო ბატონ პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს გამოცხადებული ნდობისთვის. ასევე მადლობა მინდა, გადავუხადო „ქართული ოცნების“ გუნდს მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა გელაძემ.
გელაძემ მადლობა გადაუხადა ვახტან გომელაურსაც და აღნიშნა, რომ მან ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ბოლო წლების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების პროცესში.
გელაძის ბიოგრაფია
შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე, რომელიც განათლებით იურისტია, მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნამდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
გელაძემ კარიერა საქართველოს პროკურატურაში დაიწყო, სადაც 1999 წლიდან 2001 წლამდე პერიოდში სტაჟიორი იყო, შემდეგ კი გახდა შსს-ს ვაკე-საბურთალოს რაიონის საგამოძიებო სამსახურში გამომძიებლის თანაშემწე.
2004 წელს იგი დაინიშნა შსს-ს დიდუბე-ჩუღურეთის საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლად, ხოლო იმავე წლის ბოლოს - სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროს გამომძიებლად.
იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს გამომძიებელი, მოგვიანებით დაიკავა თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს განყოფილებაში ინსპექტორის პოზიცია.
2005-2006 წლებში იყო შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის განყოფილების უფროსის მოადგილე, 2007 წელს იუსტიციის სამინისტროს პრობაციის დეპარტამენტში – მრჩეველი, მოგვიანებით კი იუსტიცის სამინისტროს გენინსპექციის მრჩეველი.
2008 წელს მან ბიზნეს-საქმიანობა დაიწყო და 2010 წლამდე შპს „ელიზი ჯგუფის“ დირექტორი იყო. 2010 წელს იგი სახელმწიფო სტრუქტურაში დაბრუნდა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილე გახდა.
2012 წელს დაიკავა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის პოსტი.
2016-2018 წლებში დაიკავა შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში სამმართველოს უფროსის თანამდებობა, 2018 წელს გახდა საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი.
2023-2024 წლებში იყო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე, მოგვიანებით კი აღნიშნული პოზიცია დაიკავა თავდაცვის სამინისტროში.
2024 წელს დაიკავა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის ტანამდებობა.
ყველა ახალი ამბავი
0