პარლამენტის თავმჯდომარე: მაკრონი, ტუსკი, და მერცი საქართველოს სამარცხვინოდ დაესხნენ თავს

© photo: Sputnik / Stringerშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 27.05.2025
გამოწერა
თბილისი, 27 მაისი — Sputnik. საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის, პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკისა და გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცის ერთობლივი განცხადება არის ქვეყნის ეროვნული დღესასწაულის - დამოუკიდებლობის დღეს „სამარცხვინო თავდასხმა ქართველ ხალხსა და ქართულ სახელმწიფოზე", განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
განცხადებაში ლიდერებმა მკაცრად დაგმეს საქართველოს ხელისუფლების ქმედებები, რომლებიც, მათი თქმით, დემოკრატიული ნორმებიდან უკუსვლას იწვევს. მათ დაგმეს „საქართველოს ხელისუფლების ყველა ქმედება, რომელიც იწვევს დემოკრატიულ უკუსვლას, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და მთავრობის ოპონენტების წინააღმდეგ ყველა თავდასხმას". ლიდერებმა ასევე მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას გადახედონ კანონებს, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროპულ სტანდარტებს და განაახლონ დიალოგი ოპოზიციასთან.
„სამარცხვინო თავდასხმა ქართველ ხალხსა და ქართულ სახელმწიფოზე მისი ეროვნული დღესასწაულის დღეს", – დაწერა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში.
ეს „ვაიმარის სამკუთხედის" ქვეყნების მხრიდან საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით გაკეთებული პირველი განცხადება არ არის. ჯერ კიდევ 2024 წლის დეკემბრის ბოლოს საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების საკითხის განხილვისკენ მოუწოდეს.
მათ სერიოზული შეშფოთება გამოთქვეს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში შექმნილ პოლიტიკური კრიზისის, ასევე მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის გაყინვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გამო.
2024 წლის 28 ნოემბრიდან საქართველოში მასობრივი საპროტესტო აქციები იმართება, რომლებიც პერიოდულად პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზრდება. რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას.
საქართველო და დასავლეთი
საქართველოს პარტნიორობა მთელ რიგ დასავლურ ქვეყანასთან გაუარესდა ქვეყანაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების შემდეგ. ურთიერთობები კიდევ უფრო გაუარესდა "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონის მიღების შემდეგაც, რომელიც ლგბტ-პროპაგანდას კრძალავს.
ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში. საქართველოს მთავრობას მრავალმილიონიანი ფინანსური დახმარება შეუჩერდა.
შტატებმა ასევე შეაჩერეს საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა, გაურკვეველი დროით გადადეს სამხედრო სწავლება "ღირსეული პარტნიორი 2024" (Noble Partner) და შეაჩერეს მთავრობისთვის განკუთვნილი დახმარება 95 მლნ დოლარის ოდენობით.
აშშ-მ „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვის" საქართველოს 100-ზე მეტ მოქალაქეს, მათ შორის მინისტრებს, დეპუტატებსა და ძალოვანებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა, გარდა ამისა დააწესა სანქციები "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.
ევროკავშირის ხუთმა ქვეყანამ, ასევე დიდმა ბრიტანეთმა, შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ საქართველოს ხელისუფლების 300-ზე მეტ წარმომადგენელს სავიზო სანქციები დაუწესა.
ყველა ახალი ამბავი
0