თბილისის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე გახდა

© Facebook / Tbilisi City Assemblyგიორგი ტყემალაძე
გიორგი ტყემალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 21.05.2025
გამოწერა
გიორგი ტყემალაძე ამ დრომდე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტს იკავებდა.
თბილისი, 21 მაისი — Sputnik. თბილისის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე იქნება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
ვიცე-მერის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც მერის ყოფილი მოადგილე ირაკლი ხმალაძე იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.
კალაძემ ტყემალაძეს ახალ პოსტზე წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ ის გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერია და წლებია ჩართულია ყველა იმ საქმიანობაში, რასაც ქალაქის განვითარება და აღმშენებლობა ჰქვია.
„ყველა პროექტი, რაც ხორციელდება და გაკეთდა დედაქალაქში, რა თქმა უნდა, საკრებულოს და უშუალოდ გიორგის მონაწილეობით განხორციელდა. დარწმუნებული ვარ, მისი კვალიფიკაცია, მისი ჩართულობა, დაგვეხმარება და გავაგრძელებთ იმ წამოწყებულ მნიშვნელოვან საქმეებსა და პროექტებს“, - განაცხადა კალაძემ.
როგორც კალაძემ აღნიშნა, მერია საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას გეგმავს მომდევნო წლებისთვის, რომლის შესახებაც ეტაპობრივად მიაწვდის საზოგადოებას ინფორმაციას.
გიორგი ტყემალაძე პოლიტიკურ საქმიანობაში 2007 წლიდან ჩაება და 2007-2008 წლებში „თოფაძე - მრეწველების" პროპორციული საარჩევნო სიით თბილისის მუნიციპალიტეტის მესამე მოწვევის საკრებულოს წევრი გახდა. 2010-2012 წლებში გახდა თბილისის მუნიციპალიტეტის მეოთხე მოწვევის საკრებულოს წევრი, ურბანული დაგეგმარების და ძველი თბილისის რეაბილიტაციის კომისიის თავმჯდომარე.
ტყემალაძე 2012-2014 წლებში თბილისის მუნიციპალიტეტის მეოთხე მოწვევის საკრებულოს წევრი და თავმჯდომარის მოადგილე გახდა, 2014-2017 წლებში იყო თბილისის მუნიციპალიტეტის V მოწვევის საკრებულოს წევრი და თავმჯდომარის პირველი მოადგილე. 2021 წლიდან დღემდე კი თბილისის მუნიციპალიტეტის VII მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტს იკავებდა.
იგი 2012 წლიდან არის საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი.
ყველა ახალი ამბავი
0