პარლამენტის თავმჯდომარემ გერმანიის ელჩი გააკრიტიკა
© Courtesy of Deutsche Botschaft Tiflisპიტერ ფიშერი

© Courtesy of Deutsche Botschaft Tiflis
გამოწერა
თბილისი, 21 მაისი — Sputnik. საქართველოში გერმანიის ელჩის პიტერ ფიშერის ბოლოდროინდელი გამოსვლები, ასევე დიპლომატის დასაცავად მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ გერმანიის მთავრობის განცხადებები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გააკრიტიკა.
გერმანიის მთავრობამ მოუწოდა საქართველოს მთავრობას, შეწყვიტოს დეზინფორმაციული კამპანია და ევროკავშირის მიმართ მტრული რიტორიკა, ასევე ელჩ პიტერ ფიშერზე სიტყვიერი თავდასხმები. მანამდე დიპლომატმა გამოთქვა გერმანიის მთავრობის შეშფოთება საქართველოს დემოკრატიული რეგრესის გამო ისეთ სფეროებში, როგორიცაა კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და დემოკრატიული მმართველობა.
„შემდეგ ჯერზე, როდესაც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარი ელჩის გამოსარჩლებას გადაწყვეტს, მნიშვნელოვანია, რომ ქართული საზოგადოების ამ კითხვასაც გაეცეს პასუხი: არის თუ არა სხვა ადამიანის მონად შერაცხვა მისი ადამიანური ღირსების უარყოფა? მისაღებია იმ პროცესის ხელშეწყობა, რომელიც სიძულვილის ენისა და ღირსების შელახვის ნორმალიზებას ახდენს?", - დაწერა სოციალურ ქსელში პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ეს არის არა ელჩის მისამართით თავდასხმა, არამედ „ლეგიტიმური კრიტიკა".
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, გერმანიის ელჩი ინტერვიუს დროს გამოჩნდა ბანერის - „მონა“ ფონზე, რომელსაც მმართველი პარტიის პოლიტიკის მოწინააღმდეგეები იყენებენ. პაპუაშვილის თქმით, ამ წარწერას „რადიკალური დაჯგუფებები“ იყენებენ.
„თვალშისაცემია, რომ ბოლო პერიოდში გერმანიის ელჩი კონკრეტული გზავნილების გადმოსაცემად მხატვრულ მეთოდებს იყენებს და შერჩეული ფონის მეშვეობით გვესაუბრება", - განაცხადა პოლიტიკოსმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე გაიხსენა, რომ რამდენიმე დღის წინ ფიშერმა ინტერვიუ ჩაწერა სხვა - ოპოზიციური გამოცემების Netgazeti-სა და Batumelebi-ის დამფუძნებლის მზია ამაღლობელის მხარდამჭერი პლაკატის ფონზე - „თავისუფლება მზიას“, რომელსაც პოლიციელზე თავდასხმა ედება ბრალად. გამოძიების ვერსიით, ამაღლობელმა საპროტესტო აქციის დროს აჭარის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეს სახეში გაარტყა.
პაპუაშვილის თქმით, ამ ნაბიჯით ელჩი ცდილობს ზეგავლენა მოახდინოს მოსამართლეზე და ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით მის გადაწყვეტილებაზე.
„იმ ფონზე, რომ ელჩმა ქართული არ იცის და დარბაზშიც არავინ უთარგმნიდა, ცხადია, რომ ამ „დაკვირვების" მიზანი არა პროცესის მსვლელობის დეტალების გაგება იყო, არამდე მოსამართლისთვის განწყობის ჩვენება, რომ მას „დიდი ძმა" აკვირდება და თუ ის სასურველ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, შედეგსაც მოიმკის", - განაცხადა პაპუაშვილმა.
მან ასევე ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ფიშერი მისი ესტონელი კოლეგის გვერდით იჯდა, რომლის მთავრობამაც იმავე მოსამართლეს ესტონეთში შესვლა აუკრძალა.
„და ეს იმიტომ, რომ მან ესტონეთის მთავრობისთვის სასურველი გადაწყვეტილებები არ მიიღო. რა თქმა უნდა, როგორც პროცესზე ამგვარი „თვალთვალი", ისე გერმანიის ელჩის ამ ლოზუნგის ფონზე გამოჩენა მართლმსაჯულებაზე ზეწოლაა, რაც დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის ცალსახა დარღვევაა", - განაცხადა სპიკერმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ელჩ ფიშერის მიერ ამ პროპაგანდისტული ტაქტიკის მიზანი მოწინააღმდეგეზე თავდასხმისთვის მორალური ბარიერის მოშლაა.
„თუ ხელისუფლების წარმომადგენელი და მისი ამომრჩეველი მონაა, ესე იგი, ის უუფლებო, უსახელო, უღირსებო არსებაა, ნივთი და არა ადამიანი", - დაწერა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ოპონენტებს ასევე შეახსენა, რომ გერმანიის კონსტიტუცია, უფრო ზუსტად კი მისი პირველი მუხლის პირველი წინადადება იწყება სიტყვებით: „ადამიანის ღირსება ხელშეუხებელია“. ამიტომაც სხვების მონებად შერაცხვა, მათი უუფლებო, უსახელო, უღირსებო არსებებად გამოცხადება არის თავად გერმანიის კონსტიტუციის სიტყვის, სულისკვეთებისა და ისტორიული ქვეტექსტის უარყოფა.
„კიდევ ერთი საკითხია, რომ ელჩის მხრიდან ასეთი გზავნილი მასპინძელი ქვეყნის ხელისუფლებასა და მოსახლეობას ეხება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
საქართველო და გერმანია
ჯერ კიდევ 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე, გერმანიის ბუნდესტაგმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას „საქართველოს ევროპული მომავლისთვის“. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების პირობებში საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში შემდგომი პროგრესი ვერ იქნება
გერმანიის მმართველი პარტიების დეპუტატებმა ასევე მოითხოვეს სექსუალური უმცირესობების უფლებების შემზღუდავი კანონების გაუქმება, რაც საქართველოს ევროინტეგრაციის შემდგომი პროგრესისთვის აუცილებელ პირობად მიიჩნიეს.
2024 წლის დეკემბრის დასაწყისში გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტრომ ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვის დაწყება გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ბერლინი არ განახორციელებდა ახალ პროექტებს და არ დადებდა სასესხო ხელშეკრულებებს საქართველოსთან.
გასული წლის დეკემბრის ბოლოს საქართველოში გერმანიის ელჩმა პიტერ ფიშერმა განაცხადა, ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევისა და პროევროპული პროტესტის ჩახშობის საპასუხოდ გერმანიამ საქართველოსთან 237 მლნ ევროს ღირებულების პროექტები შეაჩერა.
2024 წლის 31 დეკემბერს კი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ საქართველოს ცხრა მოქალაქეს, რომლებიც „პასუხისმგებელი არიან საქართველოში მომიტინგეებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ ძალადობაზე", ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.
გარდა ამისა, 2025 წლის თებერვალში გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალურმა სამინისტრომ გერმანულ-ქართული სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება შეაჩერა.
მიმდინარე წლის მარტში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დამატებითი აკრძალვები დააწესა იმ ქართველი ოფიციალური პირების ქვეყანაში შესვლაზე, რომლებიც საპროტესტო აქციების „ჩახშობაზე არიან პასუხისმგებლები".
გერმანიამ და საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წელს დაამყარეს. სწორედ ამ წელს გაიხსნა გერმანიის საელჩო საქართველოში. მას შემდეგ ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, უსაფრთხოების, კულტურისა და განათლების და სხვა მრავალ სფეროში.