რამდენი უცხოელი გააძევეს საქართველოდან: აპრილის მონაცემები

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის აეროპორტი
თბილისის აეროპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 06.05.2025
გამოწერა
გაძევებულ პირებს კანონის შესაბამისად ქვეყანაში შემოსვლა აეკრძალათ.
თბილისი, 6 მაისი — Sputnik. მიგრაციის დეპარტამენტმა აპრილში საქართველოდან სხვადასხვა ქვეყნის 96 მოქალაქე გააძევა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ნაწილმა საქართველო ნებაყოფლობით დატოვა, ნაწილი კი იძულების წესით იქნა ქვეყნიდან გაძევებული.
საქართველოდან გაძევებულ იქნა - ჩინეთის, ბანგლადეშის, ინდოეთის, იორდანიის, რუსეთის, თურქეთის, ირანის, ისრაელის, ტაჯიკეთის, ნიგერიის, ნეპალის, პაკისტანის, თურქმენეთის, ეგვიპტის, კორეის, ფილიპინების, შრი-ლანკას, ლიბანის, საუდის არაბეთის, აზერბაიჯანის, სლოვაკეთის, ყაზახეთის - ჯამში 96 მოქალაქე.
გაძევებულ პირებს კანონის შესაბამისად ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი წარმოადგენს ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელ ორგანოს. მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა და საქართველოდან გაძევების განხორციელება.
ვის აძევებენ საქართველოდან
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, უცხოეთის მოქალაქე შესაძლებელია გაძევებულ იქნას საქართველოდან იმ შემთხვევაში, თუ იგი კანონიერი საფუძვლის გარეშე შემოვიდა ქვეყანაში; თუ აღარ არსებობს საქართველოში მისი შემდგომი ყოფნის კანონიერი საფუძველი; თუ საქართველოში მისი ყოფნა ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს; თუ მისი საქართველოდან გაძევება აუცილებელია საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფი სხვა პირების ჯანმრთელობის, უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით.
გარდა ამისა, უცხო ქვეყნის მოქალაქე შეიძლება გაძევებულ იქნას ქვეყნიდან, თუ იგი სისტემატურად არღვევს საქართველოს კანონმდებლობას; თუ მან საქართველოში შემოსვლის ან ყოფნის კანონიერი საფუძველი ყალბი ან იურიდიული ძალის არმქონე დოკუმენტის წარდგენით მოიპოვა; თუ მას განზრახ ჩადენილი დანაშაულისათვის მისჯილი აქვს 1 წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა − სასჯელის მოხდის შემდეგ.
უცხოელის გაძევების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი, ისე სასამართლო.
დეპორტაციას დაქვემდებარებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეს ეძლევა 10-დან 30 დღემდე ვადა, რათა საკუთარი ხარჯებით დატოვოს ქვეყანა. თუ იგი ქვეყანას არ დატოვებს, მის მიმართ იძულებითი დეპორტაციის პროცედურა განხორციელდება.
მიგრაციის დეპარტამენტის გადაწყვეტილება უცხოელების საქართველოდან გაძევების შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს ამ გადაწყვეტილების გაცნობიდან 10 დღის ვადაში.
საქართველოდან გაძევებულ უცხოელს ეკრძალება საქართველოში შემოსვლა 2-დან 5 წლამდე ვადით - საქართველოში შემოსვლის აკრძალვის ვადას განსაზღვრავს უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების მიმღები ორგანო.
საქართველოში შემოსვლის აკრძალვა არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებმაც საქართველო ნებაყოფლობით დატოვეს.
უცხოელის საქართველოდან გაძევებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს იღებს გასაძევებელი პირი ან მისი მომწვევი პირი. უცხოელის საქართველოდან გაძევებასთან დაკავშირებულ ხარჯებს ნაწილობრივ ან მთლიანად გაიღებს საქართველოს სახელმწიფო, თუ ხარჯების სხვაგვარი ანაზღაურება შეუძლებელია.
ყველა ახალი ამბავი
0