რა შემთხვევაში ჩამოეწერება კოვიდისდროინდელი დავალიანება კლინიკებს - სამინისტროს წინადადება

© Parliament of Georgiaმიხეილ სარჯველაძე
მიხეილ სარჯველაძე - Sputnik საქართველო, 1920, 01.05.2025
გამოწერა
მინისტრის ინფორმაციით, ჯამური ვალდებულებების ოდენობა დაახლოებით 26 მლნ ლარს შეადგენს.
თბილისი, 1 მაისი — Sputnik. იმ სამედიცინო დაწესებულებებს, რომელთა საქმიანობაშიც კოვიდის პერიოდში არსებობდა ნაკლოვანებები და აქვთ სახელმწიფოს წინაშე ფინანსური ვალდებულებები, სახელმწიფო გარკვეულ შეღავათს სთავაზობს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
კერძოდ, მთავრობის გადაწყვეტილებით, თუ სამედიცინო დაწესებულებები კოვიდის პერიოდში დაგროვებული დავალიანების 25%-ს ბიუჯეტში გადაიხდიან, დანარჩენი პასუხისმგებლობისგან სრულად გათავისუფლდებიან.
სარჯველაძის ინფორმაციით, ჯამური ვალდებულებების ოდენობა დაახლოებით 26 მლნ ლარს შეადგენს.
„ყველა სამედიცინო დაწესებულებას, რომელსაც სახელმწიფოს წინაშე წარმოშობილი აქვს გარკვეული ფინანსური ვალდებულებები, შეეთავაზება, რომ თუ დავალიანებული თანხის 25 პროცენტს აანაზღაურებენ ბიუჯეტის სასარგებლოდ, დანარჩენი პასუხისმგებლობისგან პირდაპირ გათავისუფლდებიან. ეს შეთავაზება, პრაქტიკულად, უკვე ძალაში შევა დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ", - განაცხადა სარჯველაძემ.
ჯანდაცვის მინისტრი მიიჩნევს, რომ ეს სამართლიანი შეთავაზებაა. მან ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მთავრობას აქტიური კონსულტაციები ჰქონდა სამედიცინო დაწესებულებებთან, მათ შორის იმ ბიზნესსუბიექტებთან, რომლებიც ამ სფეროში ოპერირებენ.
"ვფიქრობ, მათი მხრიდანაც ამას ექნება პოზიტიური განწყობა, პოზიტიური დამოკიდებულება და არაერთი სამედიცინო დაწესებულება შეძლებს, რომ მინიჭებული შეღავათით ისარგებლოს. ჩვენთვის მთავარი ამოცანაა, კლინიკებმა ეს ფინანსები წარმართონ და მოახმარონ პაციენტის საუკეთესო ინტერესებს და ექიმებისთვის უკეთესი პირობების შექმნას პროფესიული მოვალეობების განსახორციელებლად", – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
სარჯველაძის ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებებს მიეცემათ გარკვეული პერიოდი, რომ მიმართონ სახელმწიფოს.
ყველა ახალი ამბავი
0