წულუკიანი პარლამენტს დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის ვადის გახანგრძლივებას სთხოვს

დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა
დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა - Sputnik საქართველო, 1920, 29.04.2025
გამოწერა
13 თებერვლიდან კომისიამ 17 სხდომა ჩაატარა, გამოიკითხა 55 პირი, მათგან 30 - დაზარალებულის სტატუსით.
თბილისი, 29 აპრილი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩადენილ დანაშაულებს იძიებს, ბიუროს უფლებამოსილების ვადის კიდევ ერთი თვით, 5 ივნისამდე გახანგრძლივების შუამდგომლობით მიმართავს, განაცხადა საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა.
დროებითი საგამოძიებო კომისია 2025 წლის 5 თებერვალს შეიქმნა, რომელსაც თავდაპირველად 2003-2012 წლებში მოქმედი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობა უნდა შეესწავლა. 1 აპრილს კი კომისიის მანდატი გაფართოვდა და ახლა იგი ასევე დაკავდება ხელისუფლების შეცვლის შემდეგ 2012-2013 წლებში ყოფილი და მოქმედი ჩინოვნიკების საქმიანობის გამოძიებით. სხდომაზე გამოუცხადებლობა ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე ვადით.
„დადგა დრო, 10 აპრილის სხდომის შესაბამისად, მივმართოთ საქართველოს პარლამენტის ბიუროს თხოვნით, რომ პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შესატანად განიხილოს საკითხი ჩვენი კომისიის უფლებამოსილების ვადის ერთი თვით გაგრძელების თაობაზე", - განაცხადა წულუკიანმა.
მისი თქმით, კომისიამ პარლამენტს ანგარიში უნდა წარუდგინოს შესრულებული სამუშაოსა და გამართული შეხვედრების შესახებ.
13 თებერვლიდან კომისიამ 17 სხდომა ჩაატარა, გამოიკითხა 55 პირი, მათგან 30 - დაზარალებულის სტატუსით. გამოკითხულთა რიცხვში არ იგულისხმებიან ის პირები, რომლებმაც სხდომაზე გამოცხადებაზე უარი თქვეს.
„ჩვენ ანგარიშში შეგვაქვს მათი გვარ-სახელები, ის ფაქტიც, რომ შემდგომი რეაგირებისთვის მათი საქმეები პროკურატურას გადაეგზავნა“, - აღნიშნა წულუკიანმა.
წულუკიანის განმარტებით, ამჟამად მიმდინარეობს კომისიის დასკვნის პროექტზე მუშაობა, შედგენილია 100-ზე მეტი გვერდი, პირველ რიგში, წამება-არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე.
დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობისთვის თბილისის საქალაქო სასამართლომ გირაოს გადახდა უკვე დააკისრა ოპოზიციური პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერ ზურაბ ჯაფარიძეს, „ნაცმოძრაობის" ყოფილ წევრ გივი თარგამაძეს, ოპოზიციური ტელეარხ „მთავარი არხის“ დამფუძნებელსა და პარტია „ახალის“ ერთ-ერთ ლიდერ ნიკა გვარამიას, პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერებს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, თავდაცვის ყოფილი მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილსა და ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერ გიორგი ვაშაძეს.
კომისიის საქმიანობა
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, დროებით საგამოძიებო კომისიას უფლება აქვს შესასწავლ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული გარემოებების გამო დაიბაროს ნებისმიერი პირის ან მიიღოს მისგან წერილობითი ახსნა-განმარტება. ჩვენების მიცემაზე უარი სისხლის სამართლის დანაშაულია.
დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომების ადგილსა და სიხშირეს ადგენს კომისია, მაგრამ თვეში უნდა გაიმართოს სულ მცირე ორი სხდომა.
კომისია მუშაობის შედეგების საფუძველზე მოამზადებს ანგარიშს, რომელსაც განიხილავს და დაამტკიცებს საქართველოს პარლამენტი, სავარაუდოდ, სექტემბრის დასაწყისში. კომისიის დასკვნაში იქნება რეკომენდაციები დამნაშავეების მიმართ კონსტიტუციით გათვალისწინებული პოლიტიკური და სამართლებრივი ზომების შესახებ.
პარლამენტის მიერ დამტკიცებული ანგარიში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გადაეგზავნება პროკურატურას და სხვა შესაბამის ორგანოებს შემდგომი რეაგირებისა და დამნაშავეთა დასჯის უზრუნველსაყოფად.
მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოში“ უკვე განაცხადეს, რომ ანგარიშმა, შესაძლოა, ქვეყანაში არაერთი წამყვანი ოპოზიციური პარტიის, მათ შორის „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტიტუციურად აღიარება გამოიწვიოს.
ყველა ახალი ამბავი
0