პარლამენტში უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან მიმართებით ცვლილებათა პაკეტი ინიცირებულია

© Sputnik / STRINGERსაქართველოს, აშშ-ს, ევროკავშირის, უკრაინის დროშები
საქართველოს, აშშ-ს, ევროკავშირის, უკრაინის დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 24.04.2025
გამოწერა
უცხო ქვეყნის მოქალაქეს წვრილმანი ხულიგნობისთვის ქვეყნიდან გაძევება და ქვეყანაში სამი წლით შემოსვლის აეკრძალება
თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განსაზღვრა ის სამართალდარღვევები, რისთვისაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოდან გაძევება ან ქვეყანაში შემოსვლა აეკრძალებათ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი შესაბამისი ცვლილებები პარლამენტში უკვე დაინიცირდა.
ცვლილებების თანახმად, უცხოელის გაძევება გახდება ადმინისტრაციული სასჯელი, რომელიც სასამართლომ შეიძლება გამოიყენოს უცხო ქვეყნის მოქალაქეების ან მოქალაქეობის არმქონე იმ პირებთან მიმართებით, რომელთა დანაშაულიც დადასტურებულია.
სამართალდარღვევათა ძირითადი ნაწილი, რისთვისაც უცხოელებს ქვეყნიდან გააძევებენ და ქვეყანაში კონკრეტული ვადით შემოსვლა აეკრძალებათ, ეხება საქართველოში საპროტესტო აქციების დროს ჩადენილ ყველაზე გავრცელებულ დანაშაულებს.
კერძოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქეს წვრილმანი ხულიგნობის, პოლიციელის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის, იუსტიციის სამინისტროს გენინსპექციის წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ან მათ მიმართ უკანონო ქმედების ჩადენისთვის ემუქრება ქვეყნიდან გაძევება და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა სამ წლამდე ვადით.
უცხო ქვეყნის მოქალაქეს ქვეყნიდან გაძევება და 3 წლის განმავლობაში ქვეყანაში შემოსვლა აეკრძალება საზოგადოებრივ-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის, სახელმწიფო მოხელის, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების ან სამსახურებრივი მოვალეობის ან საქმიანობის შესრულებასთან დაკავშირებით პირის სიტყვიერი შეურაცხყოფის, შევიწროების, დევნის და/ან სხვა შეურაცხმყოფელი ქმედებების ჩადენისთვის.
ანალოგიურ სასჯელს ითვალისწინებს უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ შეკრებებისა და მანიფესტაციების ჩატარების წესის დარღვევა, თუ საუბარია სასამართლოს შენობის შესასვლელის ბლოკირებაზე ან „მანიფესტაციებისა და შეკრებების შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმების განმეორებით დარღვევაზე.
ვის ვერ გააძევებენ ქვეყნიდან
სასამართლო ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას უცხო ქვეყნის მოქალაქის გაძევებისა და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვის შესახებ, თუ დადასტურდება, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე იდევნება პოლიტიკური მოტივებით ან ქმედებებისთვის, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დანაშაულად არ ითვლება.
გარდა ამისა, უცხოელის ქვეყნიდან გაძევება არ შეიძლება, თუ არსებობს მტკიცებულება, რომ მას დევნიან ადამიანის უფლებების ან მშვიდობის დაცვის, პროგრესული საზოგადოებრივ-პოლიტიკური, სამეცნიერო ან შემოქმედებითი საქმიანობისთვის.
ასევე, თუ არსებობს სიცოცხლის ან ჯანმრთელობის საფრთხის მტკიცებულება, არსებობს წამების ან დამამცირებელი მოპყრობის საფრთხე.
უცხოელის ქვეყნიდან გაძევების შეუძლებლობის შესახებ მტკიცებულებებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო წარადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0