საქართველოში 2025 წლის საუკეთესო მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

© National Teacher Prizeმასწავლებლის ეროვნული ჯილდო
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო - Sputnik საქართველო, 1920, 24.04.2025
გამოწერა
იმ მასწავლებლების გამოსავლენად, რომლებსაც განათლების სფეროში განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ, კონკურსი წელს მეცხრედ ჩატარდება.
თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. 2025 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე განაცხადების მიღება დაიწყო, იუწყება ქართული მედია.
იმ მასწავლებლების გამოსავლენად, რომლებსაც განათლების სფეროში განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ, კონკურსი წელს მეცხრედ ჩატარდება.
„კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება დღეს დაიწყო. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს, 23 აპრილიდან 30 მაისის ჩათვლით ნომინირება გაუწიოს მასწავლებლებს ან თავად წარადგინოს აპლიკაცია ვებგვერდზე www.tprize.ge“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.
მასწავლებლების ნომინირება შეუძლიათ როგორც ფიზიკურ პირებს, ისე ორგანიზაციებს და საზოგადოებრივ ჯგუფებს.
მასწავლებლების ჯილდო სამ ეტაპად გაიმართება:
კონკურსის პირველ ეტაპზე აპლიკაციები ტექნიკურად შემოწმდება;
მეორე ეტაპზე კონკურსანტთა ათეული შეირჩევა;
მესამე ეტაპზე ხუთი ფინალისტი დასახელდება.
5 ოქტომბერს - მასწავლებლის მსოფლიო დღეს კი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გამოვლინდება.
კონკურსანტთა შერჩევა 19 წევრისგან დაკომპლექტებული ჟიურის მიერ მოხდება. ჟიურის წევრები არიან განათლების სპეციალისტები, მეცნიერები, პედაგოგები და მედიის წარმომადგენლები.
2024 წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის N126 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის, ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებელი ნათია უჩავა გახდა.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო განათლების კოალიციის, განათლების და მეცნიერების სამინისტროს და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. ინიციატივა გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“-ის ნაწილია, რომლის მიზანიც მასწავლებლების პროფესიის პოპულარიზაციაა.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მხარდამჭერები არიან: გენერალური სპონსორი – გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი; მთავარი მხარდამჭერი – საქართველოს ბანკი; ოქროს სპონსორი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; მხარდამჭერი და სპონსორი – კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC); მხარდამჭერები - EPAM Georgia, ალტე უნივერსიტეტი და პირველი არხი.
ყველა ახალი ამბავი
0