პრემიერ-მინისტრი ეუთოს გენერალურ მდივანს შეხვდა: რა საკითხები განიხილეს მხარეებმა

© Сourtesy of Georgian Governmentირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 23.04.2025
გამოწერა
ფერიდუნ სინირლიოღლუ ეუთოს გენერალური მდივნის რანგში პირველად ეწვია საქართველოს.
თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეუთოს გენერალურ მდივან ფერიდუნ სინირლიოღლუს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ეუთოს გენმდივანი საქართველოს 22 აპრილს ეწვია. მისი პირველი შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან გაიმართა. ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია სინირლიოღლუს შეხვედრები საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
პრემიერ-მინისტრმა სინირლიოღლუს საქართველოში ვიზიტისა და მჭიდრო თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
„გულწრფელად მადლობელი ვარ გენერალური მდივნის მხრიდან ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებაში ჩართულობისთვის. ჩვენი პარტნიორობა უმნიშვნელოვანესია საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობისა და ეკონომიკური მდგრადობის განსამტკიცებლად, ასევე რეგიონული თანამშრომლობის წახალისებისა და საერთო გლობალური გამოწვევების დასაძლევად“, – განაცხადა კობახიძემ.
ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ეუთოსთან თანამშრომლობას, რეგიონში არსებულ ვითარებასა და საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებს. კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოს ერთგულება დემოკრატიული პრინციპების, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის მიმართ.
„აღინიშნა, რომ ქართული მხარე აფასებს ეუთოს თანათავმჯდომარეობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში და მონაწილეობას ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში. ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს ხელისუფლების ერთგულება სამშვიდობო პოლიტიკის მიმართ“, - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას და ამ კუთხით საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევას. როგორც მხარეებმა განაცხადეს, მნიშვნელოვანია, ეუთო ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურაზე დიალოგის ცენტრალურ პლატფორმად დარჩეს.
საქართველომ არაერთხელ განაცხადა, რომ მზადაა, მოლაპარაკებებისთვის თავისი პლატფორმა შესთავაზოს რეგიონულ მეზობლებს. ქვეყანა ორივე ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორია.
2021 წლის ბოლოს მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივით" გამოვიდა და სომხეთსა და აზერბაიჯანს არაფორმალური დიალოგისთვის რეგიონული პლატფორმის შექმნა შესთავაზა. 2022 წლის ივლისში თბილისში სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი შეხვედრა გაიმართა.
2023 წლის ოქტომბერში ყარაბაღის მოვლენების შემდეგ აზერბაიჯანისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრები ალი ასადოვი და ნიკოლ ფაშინიანი საქართველოში პირისპირ პირველად შეხვდნენ ერთმანეთს.
2025 წლის 13 მარტს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა ბაქოსთან სამშვიდობო ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებების დასრულება და აღნიშნა, რომ დოკუმენტი მზად არის ხელმოწერისთვის. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აგრეთვე განაცხადა, რომ დასრულდა მოლაპარაკებები აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმების პროექტის ტექსტზე.
ყველა ახალი ამბავი
0