IFC საქართველოს ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერას გააგრძელებს

© Ministry of Economy and Sustainable Development of Georgiaქართული დეგეგაციის შეხვედრა IFC-ის წარმომადგენლებთან
ქართული დეგეგაციის შეხვედრა IFC-ის წარმომადგენლებთან - Sputnik საქართველო, 1920, 23.04.2025
გამოწერა
საქართველო საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის წევრი 1995 წელს გახდა.
თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) საქართველოში ისეთი პროექტების განხორციელებას გეგმავს, რომლებიც ხელს შეუწყობს შემდგომ ეკონომიკურ ზრდას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ქვეყნის კონკურენტუნარიანობის გაზრდას, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაში.
IFC გლობალური განვითარების ყველაზე დიდი ორგანიზაციაა, რომლის საქმიანობა განვითარებადი ქვეყნების კერძო სექტორისკენაა მიმართული. IFC, რომელიც მსოფლიო ბანკის ჯგუფში შედის, ხელს უწყობს ეკონომიკურ განვითარებასა და ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებას, სტიმულს აძლევს კერძო სექტორის ზრდას განვითარებად ქვეყნებში.
IFC-სა და საქართველოს შორის პრიორიტეტული მიმართულებებით ერთობლივი მუშაობის საკითხები აშშ-ში საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილის ვიზიტის ფარგლებში იქნა განხილული.
საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის რეგიონულ ვიცე-პრეზიდენტ ალფონსო გარსია მორასთან გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის საქართველოში საქმიანობაზე, მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე.
ყურადღება გამახვილდა კორპორაციის პრიორიტეტებზე ქვეყნის კერძო სექტორის დაფინანსების კუთხით ისეთ სექტორებში, როგორებიცაა ენერგეტიკა, მრეწველობა, ტრანსპორტი და დაკავშირებადობა, შუა დერეფნის შემდგომი განვითარება და სხვ.
კორპორაცია ქართულ მხარესთან კოორდინაციით განიხილავს რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულებით საქმიანობას.
პირველი - მცირე და საშუალო საწარმოების დაკრედიტება კონკრეტული პრიორიტეტული მიმართულებებით. მას საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის დაფინანსებით საქართველოში არსებული ბანკები განახორციელებენ.
მეორე მიმართულებაა უფრო მსხვილი პროექტები ცალკეულ პრიორიტეტულ დარგებში, რომელთაც უშუალოდ კორპორაცია დააფინანსებს. საუბარია კერძო და არა საჯარო სექტორის დაფინანსებაზე. გამოიკვეთა კონკრეტული მიმართულებები, ძირითადად, საუბარია ენერგოპროექტებზე, რომელთაც კერძო კომპანიები განახლებადი ენერგეტიკის კუთხით განავითარებენ.
„კიდევ ერთი მიმართულება, სადაც საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან ასევე საინტერესო თანამშრომლობა იგეგმება, წარმოებების ხელშეწყობა და განვითარებაა. მათ შორის, ისეთი მსხვილი ინდუსტრიული დარგების, როგორებიცაა მინერალური სასუქების წარმოება, ქიმიური მრეწველობა“, – აღნიშნა დავითაშვილმა.
შეხვედრაზე ასევე აქცენტი გაკეთდა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის მხრიდან ისეთი პროექტების მხარდაჭერაზე, რომლებიც გაზრდის საქართველოს, როგორც ციფრული ჰაბის როლს. კერძოდ, საუბარია ახალი სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის დაფინანსებაზე.
„ჩვენ ამ კუთხითაც ვხედავთ კერძო ინვესტიციების დიდ პოტენციალს. კორპორაცია ამ სექტორშიც კერძო ინვესტიციების მხარდამჭერი იქნება", - განაცხადა მინისტრმა.
საქართველო IFC-ს წევრი 1995 წელს გახდა. IFC-ს ინვესტიციები, რომლებიც სხვადასხვა სექტორის ათობით პროექტშია დაბანდებული, ხელს უწყობს რეგიონული პროექტების განხორციელებას ქვეყანაში. IFC ასევე ხელს უწყობს საქართველოში კერძო სექტორის განვითარებას საკონსულტაციო პროექტების მეშვეობით.
ყველა ახალი ამბავი
0