პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე - ძირითადი გზავნილები

© photo: Sputnik / Stringerილია მეორე
ილია მეორე - Sputnik საქართველო, 1920, 20.04.2025
გამოწერა
აღდგომა არის მარადიულობის იმედი და მწუხარების განქარვების დღე, აღდგომაა მტრობის დამარცხება, შურზე, ბოროტებაზე და სიკვდილზე გამარჯვება, ბრძანა პატრიარქმა
თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. რწმენისა და ეკლესიის მნიშვნელობა გახდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლეს მთავარი თემა.
ეპისტოლეში აღნიშნულია, რომ ბოროტება ადამიანში ადამისა და ევას დროიდან გამუდმებით ებრძვის სიკეთეს.
„ბოროტი ძალა მხოლოდ ადამისა და ევას შეცდენით არ დაკმაყოფილებულა; ათასგვარი ხერხით იგი დღემდე ცდილობს, თავისკენ გადაიბიროს კაცობრიობა და საბოლოოდ აღხოცოს მასში ღვთის ხატება. მაგრამ ადამიანი ცოდვამ და სიკვდილმა ბოლომდე მაინც ვერ დასცა", - ნათქვამია ეპისტოლეში.
პატრიარქმა აღნიშნა, რომ დღეს მსოფლიოში ბევრი რთული მოვლენა ხდება.
„დღეს მსოფლიოში მრავალი რთული პროცესი მიმდინარეობს. დრო თითქოს აჩქარდა. მოვლენები და შეხედულებები სწრაფად იცვლება. დაპირისპირება, არასტაბილურობა, ეკოლოგიური პრობლემები, მუდმივი სტრესი, ომები... ჩვენი საერთო რეალობა გახდა“, - ნათქვამია გზავნილში.
მისი თქმით, მშვიდობის მოსურნეთა მონდომების მიუხედავად, შედეგის მიღწევა რთულია და მშვიდობისმყოფელებისთვის კურთხევა და დედამიწაზე მშვიდობა ითხოვა. პატრიარქმა ხაზი გაუსვა რწმენისა და ეკლესიის მნიშვნელობას თანამედროვე მსოფლიოში.
„არსებულმა ვითარებამ ყველა უფრო მეტად უნდა დააფიქროს სიცოცხლის არსზე და მარადიულ ღირებულებებზე. ჩვენ მარადიული ნეტარებისთვის ვართ შექმნილნი; აქ, ამქვეყნიურ ყოფაში კი დროებითის და წარუვალის, მიწის და ზეცის კავშირით უნდა ვიცხოვროთ, მაგრამ სწრაფვა მარადიულობასთან სიახლოვისკენ მუდამ უნდა გვქონდეს, რაც, პირველ რიგში, ეკლესიის საშუალებით მიიღწევა", - ნათქვამია ეპისტოლეში.
მისი თქმით, მხოლოდ ეკლესია გვიცხადებს სიცოცხლის ნამდვილ მიზანს, გვახედებს ჩვენს სულში და სიკეთისა და ბოროტების გარჩევის ყველაზე ჭეშმარიტ და სწორ შესაძლებლობას გვთავაზობს.
„ის არ გვთხოვს შეუძლებელს; პირიქით, გვიხმობს ჩვენი სისუსტეებით და მათ დასაძლევად ძალას გვაძლევს. ის გულში გვიკრავს, მაგრამ უკეთურ ქმედებას არ მოგვიწონებს. ამასთან, ჩვენს სულიერ და შინაგან ძალებს განამტკიცებს და ყველაზე რთულ ვითარებაშიც იმედს არ გვაკარგვინებს", - ნათქვამია გზავნილში.
უწმინდესმა და უნეტარესმა მრევლს შეახსენა რას ნიშნავს იყო ეკლესიაში და რწმენაში.
„სწორედ რწმენა მარადიულ ნეტარებაში დაბრუნებისა აძლევს აზრს ჩვენი ყოფის იმ წესს, რაც უფალმა გვასწავლა და გულისხმობს: სხვათადმი მსახურებას, თავმდაბლობას, დათმენას, თანაგრძნობას, თანადგომას, ზნეობრიობას, მშვიდობისმყოფელობას, გულის სიწმინდეს, სულის სიმტკიცეს, უშურველობას, თავდადებას", - ნათქვამია ეპისტოლეში.
ილია მეორემ აღნიშნა, რომ რწმენის მიუხედავად, ადამიანის არსებობა ამ სამყაროთი არ სრულდება. აღდგომა არის მარადისობის იმედი და მწუხარების გაფანტვის დღე. აღდგომა არის მტრობის დამარცხება, შურზე, ბოროტებაზე და სიკვდილზე გამარჯვება.
„მუდამ გახსოვდეთ, აღდგომა არის მარადიულობის იმედი და მწუხარების განქარვების დღე, აღდგომაა მტრობის დამარცხება, შურზე, ბოროტებაზე და სიკვდილზე გამარჯვება; აღდგომაა პატიება, გამოსყიდვა და სიხარული; აღდგომაა სიყვარულის ზეიმი და შესაძლებლობა საუფლო სხეულში ყველას განახლებისა და ქრისტეში გაერთიანებისა", - ნათქვამია გზავნილში.
ტრადიციული სააღდგომო ეპისტოლეს დასასრულს კათოლიკოს-პატრიარქმა მორწმუნეებს კიდევ ერთხელ მიულოცა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული.
დღეს, 20 აპრილს საქართველო, როგორც მთელი მართლმადიდებელი სამყარო, უფალი იესო ქრისტეს მკვდრედით ბრწყინვალე აღდგომას ზეიმობს.
ყველა ახალი ამბავი
0