რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გაიყოფა

© Courtesy of Parliament of Georgiaსაქართველოს პარლამენტის სხდომა
საქართველოს პარლამენტის სხდომა - Sputnik საქართველო, 1920, 16.04.2025
გამოწერა
მთავრობის მიერ ინიცირებული 11 კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტი კანონმდებლებმა დღევანდელ დეპუტატებმა 82 ხმით დაამტკიცეს.
თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაყოფას და მის ბაზაზე ორი დამოუკიდებელი უწყების - რეგიონული განვითარების სამინისტროსა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ჩამოყალიბებას მხარი მესამე - საბოლოო მოსმენით დაუჭირა.
მთავრობის მიერ ინიცირებული 11 კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტი კანონმდებლებმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, 82 ხმით, ერთხმად დაამტკიცეს.
„მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" კანონში ცვლილებების შესაბამისად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებები რეგიონული განვითარების მიმართულებით - რეგიონული განვითარების სამინისტროს, ხოლო ინფრასტრუქტურული მიმართულებები - ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაეცემა.
კერძოდ, ინფრასტრუქტურის სამინისტროს კომპეტენციაში, რომელიც არსებული სამინისტროს სამართალმემკვიდრე გახდება, ისეთ საკითხები შევა, როგორიცაა წყალმომარაგება, გაზმომარაგება, საავტომობილო გზების მშენებლობა და განვითარება, ნარჩენების მართვა, ინტერნეტიზაცია და ა.შ.
რაც შეეხება რეგიონული განვითარების სამინისტროს, ის მაღალმთიანი რეგიონების განვითარებით იქნება დაკავებული, მას დაეკისრება რეგიონული განვითარების ფონდის მართვა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სტრუქტურაში შემავალ სხვა საჯარო სამართლის იურიდიულ პირების კონტროლი.
სამინისტროს საბოლოო გაყოფა საკანონმდებლო პაკეტის მიღებიდან სამ თვეში მოხდება, სხვათა შორის, როგორც კი საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი კანონს ხელს მოაწერს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ახალი მინისტრების დანიშვნის უფლება ექნება.
რეგიონული განვითარების მინისტრი თბილისის ვიცე-მერი კახა გულედანი გახდება, ხოლო ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მოქმედი მინისტრი ირაკლი ქარსელაძე დაიკავებს.
მთავრობის საპარლამენტო მდივნის ვახტანგ ბაჩიაშვილის ინფორმაციით, სპეციალური კომისიის გადაწყვეტილებით განისაზღვრება რომელ სამინისტროებში გააგრძელებენ მუშაობას დღეს მოქმედი სამინისტროს თანამშრომლები.

„რეგიონული განვითარების სამინისტროს ასევე დაემატება მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის და მთის განვითარების საკოორდინაციო საბჭოს საშტატო რიცხოვნობა, რათა ახალშექმნილმა სამინისტრომ სრულყოფილად მოიცვას რეგიონული განვითარების თვალსაზრისით ყველა ის ცენტრალური ხელისუფლების კომპეტენცია და მიმართულებები, რომელიც დღეს-დღეობით მთავრობის ადმინისტრაციასა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შორის არის გადანაწილებული", - განაცხადა მთავრობის საპარლამენტო მდივანმა საკითხის განხილვის დროს.

კანონის მიღების შემდეგ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები განხორციელდება, რითაც ახალი უწყებების ბიუჯეტი განისაზღვრება.
დღეს საქართველოს მთავრობას ჰყავს 12 მინისტრი და ერთი სახელმწიფო მინისტრი. ვიცე-პრემიერები არიან ეკონომიკის, შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრები. ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს პირველი ვიცე-პრემიერის თანამდებობა უკავია.
ყველა ახალი ამბავი
0