საქართველოში სტარტაპები საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ: მთავრობის ახალი ინიციატივა

© photo: Ministry of Economy and Sustainable Development / FBტექნოპარკი
ტექნოპარკი - Sputnik საქართველო, 1920, 31.03.2025
გამოწერა
პრემიერის თქმით, აღნიშნული სიახლეა მნიშვნელოვანი იმის გათვალისწინებით, რომ ინოვაციები არის ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება.
თბილისი, 31 მარტი — Sputnik. ქართველი სტარტაპერები, რომლებიც ქმნიან მაღალტექნოლოგიურ და ინოვაციურ პროდუქტებს, 10 წლის განმავლობაში ისარგებლებენ საგადასახადო შეღავათებით, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.
პრემიერის თქმით, აქედან პირველი სამი წლის განმავლობაში სტარტაპერებისთვის ნულოვანი საშემოსავლო გადასახადი იმოქმედებს.
„ქართველი სტარტაპერები, რომლებიც ქმნიან მაღალტექნოლოგიურ და ინოვაციურ პროდუქტებს, ისარგებლებენ უპრეცედენტო საგადასახადო შეღავათებით 10 წლის განმავლობაში. აქედან პირველი სამი წლის განმავლობაში, ისინი საშემოსავლო გადასახადით დაიბეგრებიან ნული პროცენტით, ანუ ნულოვანი საშემოსავლო გადასახადი იმოქმედებს სტარტაპერებისთვის", - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ეს მნიშვნელოვანი სიახლეა იმის გათვალისწინებით, რომ ინოვაციები არის ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება.
„ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს ახალი ინოვაციური სტარტაპების დაფუძნებას, ასევე საერთაშორისო სტარტაპების მოზიდვას ჩვენს ქვეყანაში, ინვესტიციები შემოდინებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ჩვენი ქვეყნის ინოვაციურ ჰაბად გარდაქმნას, რაც არის ერთ-ერთი ჩვენი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი", - განაცხადა პრემიერმა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ინიციატივა ასევე ითვალისწინებს მნიშვნელოვანი საგადასახადო მხარდამჭერი მექანიზმების შემოღებას მცირე და საშუალო საწარმოებისთვისაც, რომლებიც ინოვაციური პროდუქტის ან მომსახურების შექმნით არიან დაკავებული. მთლიანობაში ეს ინიციატივა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ინოვაციების მიმართულების განვითარებას, დასძინა მთავრობის მეთაურმა.
საქართველოს მთავრობა სტარტაპებს ქვეყანაში აქტიურად უჭერს მხარს. 2014 წელს ეკონომიკის სამინისტროსთან ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო შეიქმნა. სააგენტოს მთავარი მიზანია ქვეყანაში ინოვაციური ეკოსისტემის შექმნა და მისი მხარდაჭერა. სააგენტო ასევე ხელს უწყობს ბიზნესისა და ინოვაციური გარემოს გაუმჯობესებას.
საქართველოს მასშტაბით შექმნილია ცხრა ტექნოლოგიური პარკი, რომლებიც ინოვაციური იდეების მქონე მოქალაქეებს სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში „ერთი ფანჯრის" პრინციპით ეხმარება.
ყველა ახალი ამბავი
0