ავარიული სახლების ჩანაცვლება: სამგორისა და საბურთალოს რაიონებში სამი პროექტი ხორციელდება

© photo: Sputnik / Seyran Baroyanავარიული კორპუსი
ავარიული კორპუსი - Sputnik საქართველო, 1920, 19.03.2025
გამოწერა
სამშენებლო სამუშაოების მიმდინარებისას ოჯახებს მუნიციპალიტეტი ქირით გაიყვანს.
თბილისი, 19 მარტი — Sputnik. ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში კიდევ სამი პროექტის განხორციელება მიმდინარეობს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
თბილისის მოსახლეობისთვის თანამედროვე საცხოვრებელი გარემოს შექმნისა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით მერიამ „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა" 2022 წელს დაიწყო. პროგრამა გულისხმობს ქალაქის მასშტაბით არსებული საბჭოთა პერიოდის ავარიული შენობების სრულად ჩანაცვლებას და განახლებას. ბოლო მონაცემებით, დედაქალაქში 10 ათასი ავარიული სახლია.
„დედაქალაქისთვის ავარიული სახლების არსებობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ჩვენ წამოვიწყეთ პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლებას ახალი, თანამედროვე კორპუსებით. მოკვლევის დროს 10 ათასამდე ასეთი შენობა-ნაგებობა დაფიქსირდა. ყველას მინიჭებული აქვს ავარიულობის სხვადასხვა კატეგორია, თუმცა პრობლემა სერიოზულია“, - განაცხადა მერმა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, თბილისის მერიის მიერ შემუშავებული პროგრამის მიხედვით, ავარიული საცხოვრებელი კორპუსების ჩანაცვლება მოქალაქეების ფინანსური თანამონაწილეობის გარეშე ხდება, მოქალაქეებს არ უწევთ არანაირი თანხის გადახდა.
„პირველივე დღიდან, როგორც კი გაფორმდება ხელშეკრულება, მოქალაქეები გაგვყავს ქირით, გამარჯვებული კომპანია ახორციელებს ავარიული შენობის დემონტაჟს და აშენებს ახალ საცხოვრებელ კორპუსს, სადაც გარემონტებულ ბინებს გადასცემს მოქალაქეებს“, - განაცხადა კალაძემ.
რაც შეეხება მიმდინარე პროექტებს, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია სამ მისამართზე. კერძოდ:
სამგორის რაიონში, კალოუბნის ქუჩის N18-ში არსებული სამსართულიანი ავარიული შენობის ნაცვლად 10-სართულიანი საცხოვრებელი სახლი აშენდება. ახალაშენებულ საცხოვრებელ კორპუსში გარემონტებული ბინა 29 ოჯახს გადაეცემა.
ვარკეთილის დასახლების მე-3 მასივის მეოთხე კვარტალში დემონტაჟი ჩაუტარდება N6 კორპუსს და ოთხსართულიანი შენობის ადგილზე 10-სართულიანი საცხოვრებელი სახლი აშენდება. ახალ აშენებულ საცხოვრებელ კორპუსში გარემონტებული ბინა 36 ოჯახს გადაეცემა.
საბურთალოს რაიონში, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში მდებარე ოთხსართულიანი ავარიული შენობის ნაცვლად, რვასართულიანი საცხოვრებელი სახლი აშენდება. ახალაშენებულ კორპუსში გარემონტებული ბინა 19 ოჯახს გადაეცემა.
პროგრამის ფარგლებში, სამგორის რაიონში, ვარკეთილის დასახლებაში, მეშვიდე კვარტალში უკვე აშენდა თანამედროვე სტანდარტების ახალი კოპრუსი. გარემონტებული ბინა ახალ საცხოვრებელ კორპუსში 36 ოჯახს გადაეცა.
ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა ითვალისწინებს ავარიული შენობა-ნაგებობების სრულ დემონტაჟს და მათ ნაცვლად ახალი კორპუსების აშენებას.
ყველა ახალი ამბავი
0