დიდთოვლობა საქართველოში: ბოლო ცნობები გურიიდან

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliკანცელარიის შენობა
კანცელარიის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 28.02.2025
გამოწერა
დიდთოვლობასთან დაკავშირებით გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში საკოორდინაციო შტაბი შეიქმნა.
თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. გურიაში ძირითადი გზების 80% გაწმენდილია, 29 ათასამდე აბონენტს აღუდგა ელექტროენერგია, გაზმომარაგება კი - დაზიანებული აბონენტების ნახევარზე მეტს, განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა.
დასავლეთ საქართველოს რეგიონებში თოვა 22 თებერვალს დაიწყო. განსაკუთრებით კრიტიკული მდგომარეობა შეიქმნა გურიის რეგიონში, სადაც სოფლების დიდი ნაწილი მოწყდა გარესამყაროს. დიდთოვლობასთან დაკავშირებით გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში საკოორდინაციო შტაბი შეიქმნა.
„ჩვენ გვაქვს რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულება, რომელზეც დავალებები გაიცემა შტაბის შეხვედრებზე დღის დასაწყისში და დღის ბოლოს ვიბარებთ ანგარიშს", - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა.
ჟორჟოლიანის ინფორმაციით, გურიაში:
სტიქიის დაწყების დროს ელექტროენერგია 35 ათას აბონენტს არ მიეწოდებოდა, გუშინ დღის ბოლოს კი 29 ათასამდე აბონენტს აღუდგა ელექტროენერგია,
დასახლებების დამაკავშირებელი გზების 80%-ზე მეტი არის გაწმენდილი,
გაზმომარაგების ნაწილში 1 300 აბონენტი იყო გათიშული და ნახევარზე მეტს უკვე აღუდგა გაზიფიცირება.
„მთავარია, ვმოქმედებთ სწორი კოორდინაციისა და სწორი მართვის პირობებში", - აღნიშნა ლევან ჟორჟოლიანმა.
დღეს გურიის სამივე მუნიციპალიტეტში პირველადი მოხმარების საგნებით დატვირთული ტრაილერები ჩავიდა, ჯამში 10 ათასი ყუთი პროდუქტები და მედიკამენტები. პირველადი მოხმარების საგნები დაურიგდება იმ მოსახლეობას, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდება. დახმარების დასარიგებლად ყველა ადმინისტრაციულ ცენტრში შესაბამისი ბაზებია მოწყობილი, საიდანაც ლოჯისტიკური მომსახურება ხორციელდება.
დიდთოვლობას ოზურგეთისა მუნიციპალიტეტში მსხვერპლიც მოჰყვა - სოფელ კონჭკათში 60 წლამდე მამაკაცი მეზობელს სახლის დათოვლილი სახურავის გაწმენდაში ეხმარებოდა, რა დროსაც სახურავი ჩაინგრა და მამაკაცს.ე.წ. სინკარი დაეცა - იგი ადგილზევე გარდაიცვალა.
მოსახლეობის დასახმარებლად მობილიზებულია მაქსიმალური ადამიანური რესურსი, ასევე მძიმე ტექნიკა. ინტენსიურად იწმინდება გზები. პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების მაქსიმალურად მოკლე ვადებში აღმოსაფხვრელად პროცესში თავდაცვის ძალები - პირადი შემადგენობითა და შესაბამისი ტექნიკით ჩაერთო.
გურიის რეგიონში მოქალაქეების დახმარებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობენ მეხანძრე-მაშველებიც. ისინი რეგიონის სხვადასხვა სოფელში მოსახლეობასთან მიდიან და მათ საკვებით, ასევე პირველადი მოხმარების საყოფაცხოვრებო ნივთებითა და მედიკამენტებით ამარაგებენ.
ყველა ახალი ამბავი
0