საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით თურქეთს ეწვევა

© Courtesy of Maka Botchorishviliმაკა ბოჭორიშვილი
მაკა ბოჭორიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 26.02.2025
გამოწერა
თურქეთი საქართველოს მსხვილ სავაჭრო პარტნიორებს შორის პირველ ადგილზეა.
თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ოფიციალური ვიზიტით დღეს თურქეთს ეწვევა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ბოჭორიშვილი თავის თურქ კოლეგა ჰაქან ფიდანთან გამართავს შეხვედრას.
„თურქეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია. ამით რეალურად დასრულდება მეზობელ ქვეყნებში ვიზიტების ციკლი. საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში ეს არის ჩემი პირველი ვიზიტი ანკარაში. რა თქმა უნდა, ველი შეხვედრას ჩემს კოლეგა მინისტრთან", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
გავრცელებული ინფორმაციით, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვედრაზე განიხილავენ სხვადასხვა საკითხებს, მათ შორის რეგიონში მიმდინარე მოვლენებს, სავაჭრო ურთიერთობებს და ა.შ.
„თურქეთი არის აქტიური მონაწილე იმ პროცესების, რაც ჩვენს რეგიონში მიმდინარეობს, ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე დიალოგი ჩვენს მეზობელ ქვეყანასთან“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მინისტრის თქმით, ქვეყნებს ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ და არსებობს განსახილველი არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რამაც პოზიტიური როლი უნდა შეასრულოს რეგიონის კიდევ უფრო განვითარებაში.
საქართველო და თურქეთი სტრატეგიული პარტნიორები არიან. ქვეყნებმა დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს 1992 წლის 21 მაისს. სახელმწიფოები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, რეგიონული უსაფრთხოებისა და განათლების სფეროებში.
თურქეთი საქართველოს მსხვილ სავაჭრო პარტნიორებს შორის პირველ ადგილზეა. მეზობელ ქვეყანასთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2024 წლის იანვარ-სექტემბერში 2,3 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 6,5%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიურ პერიოდზე. თურქეთის წილი საქართველოს მთლიან სავაჭრო ბრუნვაში 13,9%-ია.
ყველა ახალი ამბავი
0