თბილისის აეროპორტში თვითმფრინავებისა და ვერტმფრენებისთვის ახალი სადგომები მოეწყო

© photo: Sputnikთბილისის საერთაშორისო აეროპორტი
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 15.02.2025
გამოწერა
კომპანია TAV Georgia-მ ამ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებში 6,5 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა.
თბილისი, 15 თებერვალი – Sputnik. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო ხომალდების მომსახურებისთვის დამატებითი სადგომები მოეწყო და ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდა უკვე არსებული სადგომების ნაწილს, ნათქვამია კომპანია Tav Georgia-ს ინფორმაციაში, რომელიც თბილისის და ბათუმის აეროპორტებს მართავს.
კომპანია TAV Georgia-მ ამ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებში 6,5 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა.
პროექტის ფარგლებში, 18 ათას კვ მ ფართობზე დიდ გაბარიტიანი (Wide-body), ICAO-ს სტანდარტით F და E კოდების მქონე საჰაერო ხომალდების ახალი სადგომი მოეწყო.
ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდა 12,5 ათას კვ მ ტერიტორიას, რომელიც საშუალო გაბარიტიანი (Narrow-body), ICAO-ს სტანდარტებით „C” კოდის მქონე თვითმფრინავებისთვის არის გათვლილი.
რეაბილიტაცია ჩაუტარდა 3,5 ათას კვ მ ტერიტორიაზე განთავსებულ ვერტმფრენების სადგომსაც.
კონცერნ TAV Airports Holding-ს საქართველოში შვილობილი კომპანია TAV Georgia წარმოადგენს. მისი ოპერირება საქართველოში 2005 წელს დაიწყო და მოქმედი კონტრაქტით 2027 წლამდე გაგრძელდება.
ბოლო 20 წლის განმავლობაში კომპანიის მიერ საქართველოში განხორციელებული ჯამური ინვესტიცია დღეის მდგომარეობით 225 მილიონ დოლარს აღწევს.
ინვესტიციის შედეგად 2007 წელს ექსპლუატაციაში შევიდა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ახალი სამგზავრო ტერმინალები. 2016-17 წლებში განხორციელებული ინვესტიციების შედეგად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელდა არსებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სრული რეაბილიტაცია და აშენდა ახალი მოფრენის ტერმინალი.
TAV Airports Holding-ის მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებული მრავალმილიონიანი ინვესტიციების, აეროპორტების ექსპლუატაციისა და გონივრული მართვის მრავალწლიანი გამოცდილების წყალობით, „ტავ ჯორჯია“ გახდა ერთ-ერთი ყველაზე საიმედო, სტაბილური და დინამიური კომპანია საქართველოში. ამჟამად კომპანიაში საქართველოში 1,3 ათასი ადამიანია დასაქმებული.
ყველა ახალი ამბავი
0