საქართველოში ყველაზე დიდი სტადიონისთვის ლოკაციას ეძებენ

© Ministry of Regional Development and Infrastructure of Georgia ირაკლი ქარსელაძე ჰოლანდიური საკონსულტაციო კომპანიის „The Stadium Consultancy” წარმომადგენლებს შეხვდა
ირაკლი ქარსელაძე ჰოლანდიური საკონსულტაციო კომპანიის „The Stadium Consultancy” წარმომადგენლებს შეხვდა - Sputnik საქართველო, 1920, 14.02.2025
გამოწერა
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ახალი სტადიონის ძირითად მახასიათებლებზე და გაუზიარეს ერთმანეთს მოსაზრებები სტადიონის პირველადი კონცეფციის შესახებ.
თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. ჰოლანდიური საკონსულტაციო კომპანიის „The Stadium Consultancy” წარმომადგენლებმა საქართველოში ყველაზე დიდი მრავალფუნქციური სტადიონის მშენებლობისთვის თბილისის ყველაზე ხელსაყრელი შემოგარენი დაათვალიერეს და დათვალიერების შედეგები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძეს გაუზიარეს, ნათქვამია სამინისტროს ვებგვერდზე.
როგორც ადრე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ახალი დიდი სტადიონის მშენებლობა, რომელიც თბილისის შემოგარენში განთავსდება, 2026 წლის აპრილში დაიწყება. ყველაზე ხელსაყრელი ლოკაციის ასარჩევად მთავრობამ ჰოლანდიური კონსალტინგური კომპანია დაიქირავა.
კონსალტინგური კომპანიის წარმომადგენლები რამდენიმე დღის განმავლობაში თბილისში იმყოფებიან. რამდენიმე პოტენციური ლოკაციის დათვალიერების გარდა, რომელიც საბოლოოდ ექსპერტთა ჯგუფის რეკომენდაციით შეირჩევა, კონსულტანტები შეხვდნენ სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მმართველ გუნდს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და რაგბის კავშირის ხელმძღვანელობას.
შეხვედრაზე საკონსულტაციო გუნდს წარმოადგენდნენ კომპანია The Stadium Consultancy-ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ბენ ვინბრინკი, UEFA-ს სტადიონების მშენებლობისა და მენეჯმენტის საბჭოს წევრი, 37 წლის განმავლობაში კლუბ „არსენალის“ Emirates Stadium-ის დირექტორი და 16 წლის განმავლობაში ევროპის სტადიონისა და უსაფრთხოების მართვის ასოციაციის (ESSMA) პრეზიდენტი ჯონ ბიტი და პროგრამირებისა და პროცესის მართვის ექსპერტი, არქიტექტორი კრისტიან ვან ჰინეკე.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ახალი სტადიონის ძირითად მახასიათებლებზე და გაუზიარეს ერთმანეთს მოსაზრებები სტადიონის პირველადი კონცეფციის შესახებ.
კონსულტანტებმა გააცნეს მინისტრს სტადიონის პოტენციური მდებარეობების დათვალიერების შედეგები და შეთანხმდნენ, რომ საქართველოში პირველი ვიზიტისას მიღებული ინფორმაციის დამუშავების შემდგომ წარადგენენ კონცეფციასთან დაკავშირებულ უფრო კონკრეტულ შეხედულებებს.
საკონსულტაციო გუნდი აერთიანებს სხვადასხვა მიმართულების, მრავალწლიანი გამოცდილების ექსპერტებს. ექსპერტთა ჯგუფი შეიმუშავებს როგორც ახალი სტადიონის სრულ კონცეფციას, ისე მისი განხორციელების ეტაპებს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით. კონცეფციით განისაზღვრება როგორც სტადიონის მდებარეობა, ისე აუცილებელი კვლევები და სხვა დეტალები.
ასევე, მომზადდება საჭირო ტექნიკური კრიტერიუმები, მოთხოვნები და დავალებები საპროექტო, სამშენებლო და საზედამხედველო მიმართულებების შესყიდვების ეტაპისთვის. ექსპერტთა გუნდის საკონსულტაციო მომსახურება გათვალისწინებულია პროექტის დასრულებამდე.
ახალი სტადიონი
70 ათას გულშემატკივარზე გათვლილი ახალი მრავალფუნქციური სტადიონი, მაქსიმალური ხილვადობის ტრიბუნებით, საქართველოს უმაღლესი რანგის საფეხბურთო და სარაგბო ტურნირების მასპინძლობის შესაძლებლობას მისცემს.
სტადიონი იქნება UEFA-ს უმაღლესი (მე-4) კატეგორიის, რომელსაც სპორტული ღონისძიებების ჩატარების გარდა, ექნება მასშტაბური საკონცერტო და საკონვენციო ცენტრის ფუნქცია.
მანამდე მთავრობამ განაცხადა, რომ ახალი სტადიონის მშენებლობა, სადაც კიდევ ერთი ამბიციური პროექტი, ახალი აეროპორტი უნდა აშენდეს, ვაზიანში იგეგმება.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, არის მაღალი მოთხოვნა საგანგებო მნიშვნელობის მქონე მატჩებზე, საუბარია საფეხბურთო ნაკრების მატჩებზე. მოქმედი ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამოს“ სტადიონი მხოლოდ 54.000 მაყურებელს იტევს, მოთხოვნა კი არის მეტი.
ყველა ახალი ამბავი
0