სებ-ი: დავების 85% მოქალაქეთა სასარგებლოდ გადაწყდა

© photo: Sputnik / Stringerეროვნული ბანკი
ეროვნული ბანკი - Sputnik საქართველო, 1920, 28.01.2025
გამოწერა
დავების განმხილველ კომისიაში წარდგენილი საჩივრები დიდი ნაწილი უკავშირდებოდა მათ ანგარიშზე განხორციელებულ გადახდის ოპერაციებს, რომლებსაც მომხმარებელი არ ეთანხმებოდა.
თბილისი, 28 იანვარი – Sputnik. საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებულმა დავების განმხილველმა კომისიამ 2024 წელს განიხილა მომხმარებლებსა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს, მათ შორის, ბანკებს შორის წამოჭრილი 90-მდე დავა. ამის შესახებ ინფორმაციას სებ-ი ავრცელებს.
დავების განმხილველი კომისია უზრუნველყოფს დავის განხილვის ალტერნატიულ მექანიზმს და არის დამოუკიდებელი ორგანო. კომისიის შექმნის მიზანს წარმოადგენს საგადახდო მომსახურების მომხმარებელთა უფლებების დაცვა, მათი სამართლიანი მოპყრობის უზრუნველყოფა და ციფრული გადახდების მიმართ მომხმარებლების ნდობის განმტკიცება.
უწყების ცნობით, მომხმარებლების მიერ წარდგენილი საჩივრები უმეტესწილად უკავშირდებოდა მათ ანგარიშზე განხორციელებულ გადახდის ოპერაციებს, რომლებსაც მომხმარებელი არ ეთანხმებოდა.
„დავათა 85% დასრულდა მომხმარებლების სასარგებლოდ. შესაბამისად, პროვაიდერებმა მომხმარებლებს აუნაზღაურეს ჯამურად 300 ათასი ლარი", - ნათქვამია განცხადებაში.
მომხმარებელი უფლებამოსილია, საჩივრით მიმართოს აღნიშნულ კომისიას თუ მიიჩნევს, რომ ადგილი ჰქონდა საგადახდო ბარათით, ინტერნეტ-ბანკიდან, მობაილ-ბანკიდან და სხვა განხორციელებულ არაავტორიზებულ (მისი თანხმობის გარეშე განხორციელებულ) ოპერაციებს, გადახდის ოპერაციის შესრულების ვადის დარღვევას, არასწორად შესრულებულ ოპერაციას, ოპერაციის საკომისიოს არასწორად ჩამოჭრას და ა.შ.
კომისია დავას განიხილავს არაუმეტეს 90 კალენდარული დღის ვადაში. საქმის სირთულის გათვალისწინებით, შესაძლოა, დავის განხილვის ვადა გაიზარდოს არაუმეტეს 30 კალენდარული დღით. კომისიაში დავა განიხილება უსასყიდლოდ. ამასთან, გარდა დავის რომელიმე მხარის სასარგებლოდ გადაწყვეტისა, საქმის გარემოებების და მხარეთა შეთანხმების გათვალისწინებით, კომისია უფლებამოსილია საქმე მორიგებით დაასრულოს. კომისიის გადაწყვეტილებების გასაჩივრება შესაძლებელია სასამართლოში.
ყველა ახალი ამბავი
0