რა საკითხები განიხილა კობახიძემ არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან შეხვედრაზე

© Сourtesy of Georgian Governmentირაკლი კობახიძე და შეიხი მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანი
ირაკლი კობახიძე და შეიხი მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანი - Sputnik საქართველო, 1920, 27.01.2025
გამოწერა
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს მთვრობის მეთაურის ირაკლი კობახიძის ვიზიტი კვირას, 26 იანვარს დაიწყო.
თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანს შეხვდა, იუწყება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.
საქართველოს მთავრობის მეთაურს, დელეგაციასთან ერთად, არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა რეზიდენციაში უმასპინძლა.
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს მთავრობის მეთაურის ირაკლი კობახიძის ვიზიტი კვირას, 26 იანვარს დაიწყო. პრემიერმა ვიზიტის ფარგლებში უკვე გამართა შეხვედრა არაბთა გაერთიანებული საამიროების ტოლერანტობის მინისტრთან, შეიხ ნაჰიან ბინ მუბარაქ ალ ნაჰიანთან, ასევე დაგეგმილია შეხვედრა მსხვილ ინვესტორებთან.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებას და საინვესტიციო და ეკონომიკური კავშირების გაღრმავების პოზიტიურ დინამიკას.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა მიესალმება არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან განხორციელებულ ინვესტიციებს და უმსხვილესი დეველოპერული, ლოგისტიკური კომპანიების ინტერესს საქართველოში ინვესტირების კუთხით.

„ამ კონტექსტში აღინიშნა აბუ-დაბის პორტების ჯგუფის მსხვილი ინვესტიცია თბილისის „მშრალი პორტის" პროექტში, რომლის ოფიციალური გახსნა 2025 წელს იგეგმება, ასევე უმსხვილეს დეველოპერულ კომპანია EMAAR-თან მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება, რომლის შედეგად საქართველოში მრავალმილიარდიანი ინვესტიცია განხორციელდება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, საქართველოს მთავრობამ გამოთქვა ინტერესი, გაგრძელდეს მოლაპარაკებები აბუ-დაბის სახელმწიფო საინვესტიციო კომპანიასთან სტრატეგიული ლოგისტიკური-სატრანსპორტო პროექტების მიმართულებით თანამშრომლობის შემდგომი გაფართოების მიზნით.
შეხვედრისას ასევე ყურადღება დაეთმო რეგიონში არსებულ გამოწვევებს და სტაბილურობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მოიწვია.
საქართველომ და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 20 ოქტომბერს დაამყარეს. ორივე ქვეყანა დაინტერესებულია თანამშრომლობის განვითარებით ეკონომიკის, ინვესტიციების, ტურიზმის სფეროში.
გაერთიანებული საამიროები არაბულ ქვეყნებს შორის საქართველოს წამყვანი სავაჭრო პარტნიორია.
საამიროებს საქართველოსთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობები აკავშირებს, რაც ასახულია ყოვლისმომცველ ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმებაში. აღნიშნული დოკუმენტის ფარგლებში ორივე ქვეყნის საექსპორტო პროდუქციის 95% გათავისუფლებულია გადასახადებისგან.
შეთანხმების თანახმად, არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა გახსნა ბაზარი საქართველოში წარმოებული ისეთი პროდუქტებისთვის, როგორიცაა ძროხისა და ცხვრის ხორცი, თაფლი, თხილი, მინერალური წყალი, ხილისა და ბოსტნეულის კონსერვები, უალკოჰოლო სასმელები, აზოტოვანი სასუქები, ტექსტილი და ა.შ.
კომპანია Abu Dhabi Ports Group-ი ფლობს აქციების 60%-ს და არის მთავარი პარტნიორი „მშრალი პორტის" მშენებლობის პროექტში. დაგეგმილია Abu Dhabi Ports Group-თან თანამშრომლობის შემდგომი გაფართოება სტრატეგიულ, ლოჯისტიკურ და სატრანსპორტო პროექტებში.
„მშრალი პორტი" არის თანამედროვე, ინტერმოდალური ლოჯისტიკური ცენტრი - ბათუმისა და ფოთის პორტების გაგრძელება, რომელიც ემსახურება მათ, აკავშირებს პორტებსა და ლოგისტიკურ ობიექტებს.
იგი დააკავშირებს დასავლეთ აზიის წარმოების ცენტრებს აღმოსავლეთ ევროპის სამომხმარებლო ბაზრებთან „შუა დერეფნის“ საშუალებით - საქართველოს, თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და ყაზახეთის როგორც საზღვაო, ისე „მშრალი პორტების“ ქსელის გამოყენებით.
„მშრალი პორტი“ თბილისის აეროპორტიდან 6 კმ-ში, 283 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზეა განლაგებული. დაგეგმილია A (9,800 m2) და B (2,500 m2) კლასის სასაწყობე სივრცეების მოწყობა.
ობიექტის წლიური გამტარუნარიანობა 200 ათას TEU-მდეა გათვალისწინებული. ამ ეტაპზე უკვე დასრულებულია „მშრალი პორტის“ ტერიტორიის მოპირკეთება და ოფისის მშენებლობა, ასევე B კლასის საწყობის, მექანიზაციის შენობის და რკინიგზის მშენებლობა.
ყველა ახალი ამბავი
0