საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია ევროკავშირის ქვეყნებიდან - 2024 წლის მონაცემები

© United Airports of Georgia ქუთაისის აეროპორტი
ქუთაისის აეროპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 23.01.2025
გამოწერა
საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ მოუწოდა საკუთარ მოქალაქეებს, დაიცვან ევროკავშირის ქვეყნებში ყოფნის წესები, რადგან მათი დარღვევა უვიზო რეჟიმს საფრთხეს უქმნის.
თბილისი, 23 იანვარი – Sputnik. 2024 წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოს 4.196 მოქალაქის დეპორტაცია მოხდა, აქედან 21 პირის მიღებაზე საქართველომ რეადმისიის შესახებ შეთანხმების ფარგლებში უარი განაცხადა, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.
დეპორტირებულთაგან 2445 მამაკაცია და 685 - ქალი. ყველაზე მეტი მოქალაქის დეპორტაცია (2.543 ადამიანი) განხორციელდა გერმანიიდან. შემდეგ მოდის საფრანგეთი (710), საბერძნეთი (201), შვეიცარია (148), იტალია (92), პოლონეთი (91), და ესპანეთი (58).
შსს-ს ცნობით, იმ 21 პირის დეპორტაცია, რომელთა მიღებაზე საქართველოს ხელისუფლებამ რეადმისიის შეთანხმების ფარგლებში უარი თქვა, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, უნგრეთიდან, შვედეთიდან, ნორვეგიიდან, რუმინეთიდან, იტალიიდან, პოლონეთიდან და საბერძნეთიდან იგეგმებოდა.
ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წლის 28 მარტიდან ამოქმედდა. საუბარია შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან (180 დღის მანძილზე საერთო ჯამში 90 დღით) ტურისტულ, საქმიან და სტუმრის სტატუსით ვიზიტებზე.
საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია ქვეყნის მიერ „უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ გაფორმებული შეთანხმებების ფარგლებში ხორციელდება.
საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ მოუწოდა საკუთარ მოქალაქეებს, დაიცვან ევროკავშირის ქვეყნებში ყოფნის წესები, რადგან მათი დარღვევა უვიზო რეჟიმს საფრთხეს უქმნის.
ქვეყანამ გაატარა რიგი ზომები იმისთვის, რათა არ დაუშვას სხვა ქვეყნებში არალეგალური მიგრაცია. კერძოდ, გაამკაცრა კანონმდებლობა ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის დამრღვევთა წინააღმდეგ, მაგალითად, რეადმისიასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი თავად კონკრეტულ პირს ეკისრება.
ასევე გამკაცრდა გვარის გამოცვლის პროცედურები, რაც ხშირად სწორედ ამ პროცესთან იყო დაკავშირებული.
ყველა ახალი ამბავი
0