მეხანძრე-მაშველი გიორგი ლელაშვილი საპატიო ყარაულის თანხლებით დაკრძალეს

© photo: Sputnik / Stringerანთებული სანთლები
ანთებული სანთლები - Sputnik საქართველო, 1920, 26.12.2024
გამოწერა
42 წლის მამაკაცი ჩამონგრეულმა კედელმა იმსხვერპლა
თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველი, სამოქალაქო უსაფრთხოების ლეიტენანტი 42 წლის გიორგი ლელაშვილი, რომელიც რამდენიმე დღის წინ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა, წმინდა გიორგის სახელობის ტაძრიდან საპატიო ყარაულის თანხლებით გაასვენეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, გარდაცვლილ მეხანძრე-მაშველს პატივი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ იოსებ ჭელიძემ და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა მიაგეს.
„საპატიო ყარაულმა გარდაცვლილის ხსოვნას პატივი საგანგებო ზალპით მიაგო, დაკრძალვის შემდეგ კი მისი ოჯახის წევრებს საქართველოს სახელმწიფო დროშა გადასცა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
დაკრძალვის ცერემონიას ასევე დაესწრნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა ხელმძღვანელი პირები, თანამშრომლები, მეხანძრე-მაშველები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
გიორგი ლელაშვილი მიმდინარე წლის 21 დეკემბერს, თბილისში ილია ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე შენობაში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს ასრულებდა, რა დროსაც გადმოინგრა კედელი, რასაც მეხანძრე-მაშველი ემსხვერპლა. იგი მეხანძრე-მაშველად 12 წელი მუშაობდა და არაერთ მნიშვნელოვან ღონისძიებაში ჰქონდა მონაწილეობა მიღებული.
ყველა ახალი ამბავი
0