გრიპის ვირუსი: ქვეყნის მასშტაბით 130 ათასი მოქალაქე ვაქცინირებულია

© photo: Sputnik / Maksim Bogodvid / გადასვლა მედიაბანკშივაქცინაცია
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 18.12.2024
გამოწერა
საქართველოში გრიპის სეზონი, ჩვეულებრივ, ნოემბერში იწყება და პიკს დეკემბერ–იანვარში აღწევს.
თბილისი, 18 დეკემბერი— Sputnik. საქართველოში ამ დროისთვის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 130 ათას მოქალაქეს ჩაუტარდა, იუწყება ჯანდაცვის სამინისტრო.
საქართველოს მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყველა მსურველისთვის 4 ნოემბრიდან უფასოდ ტარდება. ვაქცინაცია, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ოთხკომპონენტიანი Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების ვაქცინით არის შესაძლებელი. ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ეკა ადამიას განცხადებით, ამ დროისთვის ქვეყანაში გავრცელებულია გრიპის A და B ტიპის ვირუსები, ასევე - სხვა ვირუსებიც, მათ შორის რინოვირუსი და ადენოვირუსი.
„ვირუსების პრევენციის მიზნით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხელების დაბანა, ასევე - სადეზინფექციო ხსნარით დამუშავება, ხალხმრავალ ადგილებში პირბადეების გამოყენება, ოთახის ხშირი განიავება და ერთ-ერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა ვაქცინაცია, რომელიც არის ყველაზე უსაფრთხო და ყველაზე ეფექტური საშუალება გრიპის წინააღმდეგ“, - განაცხადა ადამიამ.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ ვაქცინაცია გრიპის და მისი გართულებების თავიდან აცილების ყველაზე ეფექტური საშუალებაა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რისკ-ჯგუფების: ასაკოვანი ადამიანების, ორსულების, მცირეწლოვანი ბავშვებსა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირების ყოველწლიური ვაქცინაცია.
საქართველოში სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 18 ოქტომბრიდან დაიწყო, თუმცა თავიდან ის, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, პირველ ეტაპზე, უფასოდ რისკ-ჯგუფებს ჩაუტარდა. ამ დრომდე, ქვეყნის მასშტაბით 37 ათასზე მეტი მოქალაქე უკვე აიცრა. აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი და სრულად უფასოა.
გრიპის სეზონი საქართველოში, ჩვეულებრივ, ნოემბერში იწყება და პიკს დეკემბერ–იანვარში აღწევს. გრიპის ვირუსისგან თავის დაცვის პრევენციული ზომები ისეთივეა, როგორიც კორონავირუსისგან დაცვისას: ხელების ხშირი დაბანა, სოციალური დისტანცია, პირბადის ტარება.
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პოპულარიზაცია საქართველოს მოსახლეობაში 2014-2015 წლებში დაიწყო. 2018 წელს ქვეყანამ 40 ათასი ვაქცინა შეიძინა, მაგრამ წამლის დიდი ნაწილის ათვისება ვერ მოხერხდა. მომდევნო წლებში ქვეყანამ დაიწყო ვაქცინის 200 ათასი დოზის შეძენა.
წელსაც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 200 ათასი დოზა ვაქცინა შეიძინა.
ყველა ახალი ამბავი
0