სიიარტო: უნგრეთმა და სლოვაკეთმა საქართველოს წინააღმდეგ სანქციებს ვეტო დაადეს

© photo: Sputnik / Maksim Blinov / გადასვლა მედიაბანკშიპიტერ სიიარტო
პიტერ სიიარტო - Sputnik საქართველო, 1920, 17.12.2024
გამოწერა
საქართველოს საკითხში ევროკავშირმა პოლიტიკური თვალთმაქცობის მსოფლიო რეკორდი დაამყარა, განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა
თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. უნგრეთმა და სლოვაკეთმა ვეტო დაადეს ევროკავშირის მიერ საქართველოს პოლიციის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ სანქციების შემოღებას, ბრიუსელში არავის აქვს უფლება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს ქართველი ხალხის ნება, რომელმაც აირჩია კონსერვატიული მთავრობა, განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ.
16 დეკემბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განიხილეს საქართველოს საკითხი და სანქციების დაწესების შესაძლებლობა.
„დღეს საქართველოს პოლიციის ხელმძღვანელობის სანქციების სიაში ჩართვა სურდათ. ჩვენ, სლოვაკეთთან ერთად, ვეტო დავადეთ“, - განაცხადა სიიარტომ საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან.
როგორც მან აღნიშნა, „ბრიუსელში არავის აქვს უფლება, ეჭვქვეშ დააყენოს ქართველი ხალხის ნება", რომელმაც საპარლამენტო არჩევნებზე აირჩია „კონსერვატიული, მშვიდობის მომხრე, პატრიოტული" პარტია და არა ლიბერალური ძალები, რომლის უკანაც ბრიუსელი დგას.
„საქართველოს საკითხში ევროკავშირმა დღეს პოლიტიკური თვალთმაქცობის მსოფლიო რეკორდი დაამყარა", - აღნიშნა სიიარტომ და დასძინა, რომ „არანაირად არ უჭერდა მხარს“ სხდომაზე გამეფებულ „ამპარტავნულ დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ“.
„ვფიქრობ, რომ საერთაშორისო სამართლის მიხედვით არ შეიძლება სანქციები დაუწესო ქვეყანას იმის გამო, რომ მან უბრალოდ გადაწყვიტა გადადოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები 2028 წლამდე,” - განაცხადა სიიარტომ.
სიიარტომ, ქართველ კოლეგა მაკა ბოჭორიშვილზე დაყრდნობით, რომელიც ბუდაპეშტში პირველი უცხოური ვიზიტით იმყოფებოდა, განაცხადა, რომ თბილისში საპროტესტო აქციებზე 40-მდე პოლიციელი დაშავდა. უნგრელმა დიპლომატმა ცალმხრივი უწოდა თბილისში საპროტესტო აქციის მონაწილეების მიმართ პოლიციის მხრიდან ძალადობის შესახებ ცნობებს. აქციის მონაწილეებს შორის „იყვნენ აგრესიული ელემენტებიც", დასძინა მან.
თავის მხრივ, საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ ქართველი თანამდებობის პირების დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე.
„დღეს ჩვენ შევთანხმდით დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის რეჟიმის შეჩერებაზე. ევროკომისია წინადადებას წელსვე წარადგენს. ჩვენ ასევე განვიხილეთ ქართველი მაღალჩინოსნების დასანქცირება, რომლებიც მშვიდობიანი პროტესტის წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის უკან დგანან", - განაცხადა კალასმა.
საქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბერს მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. პერმანენტული აქციები იმართება საქართველოს სხვადასხა ქალაქში, თუმცა თბილისში პროტესტმა სისტემატური და მასშტაბური ხასიათი მიიღო.
4 დეკემბრიდან აქციებმა უფრო მშვიდობიანი ხასიათი მიიღო. მანამდე, ყოველ ღამე, საქართველოს პარლამენტთან მომიტინგეთა ცალკეული ჯგუფები, ძირითადად ნიღბიანი ადამიანები აზიანებდნენ ინფრასტრუქტურას, ძალოვანებს ესროდნენ ქვებს, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს და პიროტექნიკას, პოლიცია კი წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს იყენებდა..
მას შემდეგ, რაც პოლიციამ ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებში ჩხრეკა ჩაატარა და დიდი რაოდენობით პიროტექნიკა, აირწინაღები და „მოლოტოვის კოქტეილები", კომპიუტერები და სხვა საგნები ამოიღო, აქციებმა ძირითადად მშვიდობიანი ხასიათი მიიღო.
საპროტესტო აქციები არ წყდება, მიუხედავად ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელობის არაერთი ახსნა-განმარტებისა, რომ ევროინტეგრაცია პრიორიტეტულია და ხელისუფლება აგრძელებს მუშაობას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, რადგან სწორედ ამაზეა დამოკიდებული ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზადყოფნა.
ყველა ახალი ამბავი
0