პაპუაშვილი: ზურაბიშვილი საქართველოს სისხლისღვრით ემუქრება

© President of Georgia leli blagonravovaსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 16.12.2024
გამოწერა
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ზურაბიშვილი იქცა კიდევ ერთ პრეზიდენტად, რომელიც პირდაპირაა დაკავებული საკუთარი ქვეყნის უცხო გავლენებისთვის ჩაბარებით.
თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს დამოუკიდებლობის განმავლობაში ბოროტების გამოვლენის არაერთ ფაქტს შევსწრებივართ, თუმცა პირველად ვართ მომსწრე, რომ მოქმედი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოსახლეობას სისხლისღვრით ემუქრება, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
სალომე ზურაბიშვილმა ევროპის საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტასთან სატელეფონო საუბრის შემდეგ სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ კრიზისიდან ერთადერთი მშვიდობიანი გამოსავალი ახალი არჩევნებია. ამასთან, მან აღნიშნა, რომ ევროკავშირში იგი დაარწმუნეს ქართველი ხალხისა და მისი ევროპული მომავალის მხარდაჭერაში.
„გუშინ სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოსთვის ერთადერთი მშვიდობიანი გზა ახალი არჩევნებია, რითიც ის საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას სისხლისღვრით დაემუქრა, თუ ისინი არ დათმობენ 26 ოქტომბერს გაკეთებულ არჩევანს. ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის განმავლობაში ბევრი ავი რამ გვინახავს, თუმცა პირველად ვართ მომსწრე, რომ საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი მოსახლეობას სისხლისღვრით ემუქრება", - განაცხადა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან.
მისი თქმით, თავისი პრეზიდენტობის მიწურულს ზურაბიშვილმა მორიგ ჯერზე გადაწყვიტა არა მხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუტების მოშლა და მორყევა, არამედ ქვეყანაში „სამარცხვინო არეულობისა და ფარსის მოწყობა".
„ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ სალომე ზურაბიშვილი არის გამტყუნებული იმპიჩმენტის პროცესში, თუმცა მთავარი პოლიტიკური და მორალური დანაშაული, რაც მან ჩაიდინა, ესაა არჩევნებში მოსახლეობის მიერ გამოხატული ნების არცნობა, რითიც მისთვის არასასურველი და მიუღებელი შედეგის აყირავება სცადა", - აღნიშნა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ზურაბიშვილი იქცა კიდევ ერთ პრეზიდენტად, რომელიც პირდაპირაა დაკავებული საკუთარი ქვეყნის უცხო გავლენებისთვის ჩაბარებით.
„იგი მოქმედებს ზუსტად იმავე ძალების მიერ დაწერილი იდენტური სცენარით, რაც მისი ერთ-ერთი წინამორბედისთვის შეიქმნა", - განაცხადა პოლიტიკოსმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ გაიხსენა 2021 წლის ადგილობრივი არჩევნები, როცა ქვეყანაში უცხოური სპეცსამსახურების დახმარებით უკანონოდ შემოიპარა ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რათა „ამოეყირავებინა" არჩევნების შედეგები.
„ახლაც ვხედავთ, რომ ქვეყნის დესტაბილიზაციისა და რევოლუციური პროცესის განსავითარებლად შერჩეული არიან ქვეყნის ყოფილი მაღალჩინოსნები, შერჩეულია არჩევნების პროცესი, შერჩეული არიან ადგილობრივი უცხო ძალის გავლენის ქვეშ მოქმედი ჯგუფები. ხელწერა არის აბსოლუტურად იგივე", - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ცრუ პრეზიდენტი ზურაბიშვილი არ ცნობს სამართლიანად ჩატარებულ არჩევნებს, სადაც თავისუფლად გამოიხატა 2 მილიონ 60 ათასი მოქალაქის ნება, არ ცნობს ქართველი ხალხის არჩევანს, არჩეულ ხელისუფლებას, არჩეულ პრეზიდენტს და უცხო ქვეყნებისგან ითხოვს მხარდაჭერას ანტიკონსტიტუციური, ძალადობრივი პროცესების წასახალისებლად.
„საკუთარი ქვეყანა, რომელიც მისთვის საბოლოოდ ვერ იქცა სამშობლოდ, მისი ხელიდან განწირულია არეულობისთვის, დესტაბილიზაციისა და ქაოსისთვის", - დასძინა პაპუაშვილმა.
ამასთან, დღევანდელ ხელისუფლებას ყველანაირი ბერკეტი აქვს, რათა არ დაუშვას „მტრული ძალების შავბნელი ზრახვების ასრულება".
„ამ საქმეში საქართველოს ხელისუფლების მთავარი დასაყრდენი ქართველი ხალხია, რომელმაც ამ დღეების განმავლობაში კიდევ ერთხელ დაანახა ყველას შინ თუ გარეთ, რომ კარგად ხვდება, თუ რა პროცესებთან გვაქვს საქმე და რადიკალური ოპოზიცია რამდენიმე ასეულ მხარდამჭერთან მარტოდ დატოვა“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
საქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბერს მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. პერმანენტული აქციები იმართება საქართველოს სხვადასხა ქალაქში, თუმცა თბილისში პროტესტმა სისტემატური და მასშტაბური ხასიათი მიიღო. აქციების პირველ დღეებში საკანონმდებლო ორგანის წინ მასობრივად ხდებოდა არეულობები, რის შედეგადაც ათობით ადამიანი დაშავდა.
შსს-ის ცნობით, საპროტესტო აქციებზე არეულობის დროს დაშავდა 150-ზე მეტი პოლიციელი - უმეტესობას აღენიშნება სხვადასხვა სახის დამწვრობები, მოტეხილობები, ტრავმები თავისა და სახის არეში. ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, 300-ზე მეტი ადამიანი (მომიტინგე და ჟურნალისტი) სამართალდამცველების მხრიდან ძალადობის და სასტიკი მოპყრობის შედეგად დაზარალდა.
28 ნოემბრიდან 8 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 30-ზე მეტი ადამიანი, ადმინისტრაციული წესით კი დაკავებულია 372 პირი.
ყველა ახალი ამბავი
0