პარლამენტმა მიტინგებზე ნიღბების და პიროტექნიკის გამოყენების აკრძალვა დაამტკიცა

© photo: Sputnik2024 წლის 1 დეკემბერი. საპროტესტო აქცია პარლამენტთან
2024 წლის 1 დეკემბერი. საპროტესტო აქცია პარლამენტთან - Sputnik საქართველო, 1920, 13.12.2024
გამოწერა
ცვლილებების ინიცირება მას შემდეგ მოხდა, რაც ათობით პოლიციელმა მიიღო დამწვრობა და დაშავდა საპროტესტო აქციებზე
თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. ქვეყანაში საპროტესტო ტალღის ფონზე, საქართველოს პარლამენტმა მესამე და ბოლო მოსმენით დაჩქარებული წესით დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებები - აიკრძალა მანიფესტაციებზე სახის ნიღბით და ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვა, ასევე პიროტექნიკის, ლაზერული და მკვეთრი გამოსხივების მქონე ნებისმიერი საშუალების გამოყენება.
ცვლილებები მას შემდეგ იქნა ინიცირებული, რაც ათობით პოლიციელმა მიიღო დამწვრობა და დაშავდა საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქციებზე, რა დროსაც მომიტინგეები მასობრივად იყენებდნენ პიროტექნიკას. ყველაზე აქტიური მომიტინგეები დადიან აქციებზე ბალაკლავებით, აირწინაღებით ან ნიღბებით, უნათებენ ძალოვანებს თვალებში ლაზერული ფანრებით.
„(ცვლილებების - რედ.) მიზანი არის ის, რომ შეკრება-მანიფესტაცია იყოს მშვიდობიანი. როგორც კი ხდება ძალადობრივი, ეს ძალადობა უნდა იყოს აღკვეთილი,“ - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ.
მისი თქმით, პიროტექნიკის გამოყენების შედეგად, შსს-ს წარმომადგენლების გარდა, მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა პარლამენტის შენობას და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ინფრასტრუქტურას.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ეს კანონსაწინააღმდეგო ქმედებები, ისევე როგორც ჟურნალისტებზე განხორციელებული თავდასხმები, ძირითადად წახალისებულია იმ ფაქტორით, რომ მოძალადეებს აქვთ საშუალება, დაიფარონ სახე იმგვარად, რომ მათი ზუსტი იდენტიფიცირება ვერ მოხდეს.
სახის ნიღბით და ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვა, პიროტექნიკის, ლაზერული და მკვეთრი გამოსხივების მქონე ნებისმიერი საშუალების გამოყენება 2 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმას გამოიწვევს.
საპროტესტო აქციებზე სახის დაფარვა აკრძალულია ევროპის ბევრ ქვეყანაში, მათ შორის გერმანიაში, ხაზგასმით აღნიშნა დარახველიძემ.
შეკრება - მანიფესტაციაზე მყოფ იმ პირთა ნუსხას, რომელთაც პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე სახის დაფარვის უფლება ექნებათ, შინაგან საქმეთა მინისტრი დაადგენს. ასევე, შინაგან საქმეთა მინისტრი განსაზღვრავს ასეთ პირებზე შესაბამისი ნებართვის გაცემის წესსა და პირობებს.
პარლამენტმა მიიღო ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და მასთან დაკავშირებულ შვიდ კანონში, მათ შორის, სისხლის სამართლის კოდექსში, კანონებში „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“, „პოლიციის შესახებ“ და სხვა.
ცვლილებები ძალაში შევა პრეზიდენტის მიერ ხელმოწერის შემდეგ ანდა მათი მიღებიდან ათი დღის შემდეგ კანონპროექტს პარლამენტის თავმჯდომარე მოაწერს ხელს.
საქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბერს მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. პერმანენტული აქციები იმართება საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, თუმცა თბილისში პროტესტმა სისტემატური და მასშტაბური ხასიათი მიიღო. აქციების პირველ დღეებში საკანონმდებლო ორგანის წინ მასობრივად ხდებოდა არეულობები, რის შედეგადაც ათობით ადამიანი დაშავდა.
ყოველ საღამოს პარლამენტის შენობის წინ ასობით ადამიანი იკრიბება. 4 დეკემბრამდე აქცია ხშირად არეულობაში გადაიზრდებოდა. დილამდე აქციის მონაწილეთა ცალკეული ჯგუფები აზიანებდნენ ინფრასტრუქტურას, ძალოვანებს ქვებს, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებსა და პიროტექნიკას ესროდნენ, პოლიცია კი მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლსა და ცრემლსადენ გაზს იყენებდა.
4 დეკემბრიდან აქციებმა მშვიდობიანი ხასიათი მიიღო. ამას წინ უძღოდა ჩხრეკები მოძრაობა „ჯიუტების“, პარტია „დროასა“ და პარტია „გირჩის“ ოფისებში, ასევე, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდულ ოფისში, საიდანაც დიდი რაოდენობით პიროტექნიკა, აირწინაღები, მოლოტოვის კოქტეილები, კომპიუტერები და სხვა ნივთები ამოიღეს.
შსს-ის ცნობით, საპროტესტო აქციებზე არეულობის დროს დაშავდა 150-ზე მეტი პოლიციელი - უმეტესობას აღენიშნება სხვადასხვა სახის დამწვრობები, მოტეხილობები, ტრავმები თავისა და სახის არეში. ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, 300-ზე მეტი ადამიანი (მომიტინგე და ჟურნალისტი) სამართალდამცველების მხრიდან ძალადობის და სასტიკი მოპყრობის შედეგად დაზარალდა.
28 ნოემბრიდან 8 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 30 ადამიანი, ადმინისტრაციული წესით კი დაკავებულია 372 პირი, 62 პირის მიმართ გამოყენებული იქნა ადმინისტრაციული პატიმრობა, 100-ზე მეტი კი დაჯარიმდა.
ყველა ახალი ამბავი
0