საპატრიარქო საპროტესტო აქციაზე კუბოს დაწვის ფაქტს გამოეხმაურა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრიარქო
საპატრიარქო - Sputnik საქართველო, 1920, 12.12.2024
გამოწერა
საქართველო ქრისტიანობისთვის მოწამეთა ქვეყანაა და გზა, რომელიც სიწმინდეების გათელვაზე გაივლის, დამღუპველია, აღნიშნეს საპატრიარქოში
თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. პარლამენტის შენობის წინ კუბოს დაწვა, რომლის სახურავზე იესო ქრისტეა გამოსახული, არის უკიდურესი სიძულვილის გამოვლინება, მიზანმიმართული პროვოკაცია და მორწმუნეთა შეურაცხყოფა, განურჩევლად იმისა, მომიტინგეთა შორის არიან თუ არა ისინი, ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პერფორმანსი 9 დეკემბრის საღამოს გამართეს. მათ კუბო, რომელშიც „ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის ფიტული იყო მოთავსებული, საახალწლო ნაძვისხესთან მიიტანეს და დაწვეს. მანამდე კი დემონსტრანტებმა ქვეყნის მთავარ ნაძვისხეზე აქციებზე დაშავებული მოქალაქეების ფოტოები გამოფინეს.
„დღეს საზოგადოებაში საპროტესტო აქციების პარალელურად სიძულვილმა ზღვარს მიაღწია, არ ჩანს ორმხრივი დიალოგისა და დისკუსიის მზაობა, რაც სასურველი იქნებოდა. მოწმენი ვართ სიძულვილის უკიდურესი გამოვლინებებისა. სამწუხაროა, რომ საქმე ოკულტურ რიტუალებამდეც მივიდა და მჩხიბაობის აქტიც შედგა“, - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
მდინარაძე: დემონსტრანტებმა პარლამენტთან სატანისტური რიტუალი ჩაატარეს >>
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მსგავსი ქმედებები კიდევ უფრო მეტად ამძაფრებს დაპირისპირებას საზოგადოებაში.
„ეს ყველაფერი გააზრებული მკრეხელობაა მათი მხრიდან, ვინც დააორგანიზა სანახაობები ან შეგნებულად მონაწილეობდა მათში, მეტი პასუხისმგებლობაც სწორედ ორგანიზატორებს ეკისრებათ“, - ნათქვამია განცხადებაში.
ეს და მსგავსი ფაქტები შეხსენებაა ეკლესიების დარბევისა და შეურაცხყოფის მძიმე პერიოდის, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ უახლოეს წარსულში გადაიტანა.
„ვფიქრობთ, ამ ქმედებებში ნაწილი მომიტინგეებისა გაუაზრებლად აღმოჩნდა, თუმცა ყველა შემთხვევაში მართებთ მათ ამ აქტების სიმძიმის გაცნობიერება და შესაბამისი სინანული“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ქაშუეთის ტაძარში მომიტინგეთა დასახმარებლად სასულიერო პირები ყოველღამე ათენებენ, მომიტინგეების ნაწილი კი ტაძარში შედის და მათთან ერთად ლოცულობს, აღნიშნეს საპატრიარქოში.
„ბუნებრივია, ამის პარალელურად ტაძრის მიმდებარედ მსგავსი რიტუალები მიზანმიმართულ პროვოკაციას წარმოადგენს და ასევე შეურაცხმყოფელია მორწმუნეთათვის, განურჩევლად იმისა, მომიტინგეთა შორის არიან თუ არა ისინი“, - ნათქვამია განცხადებაში.
ქრისტიან ადამიანს კარგად უნდა ესმოდეს, რომ მჩხიბაობა არ შეიძლება გასართობ სანახაობად აღიქმებოდეს, ეს ადამიანებს აშორებს ღმერთს და ყველას მართებს სიფრთხილე, უნებურად არ აღმოჩნდნენ ოკულტური მსახურების მონაწილენი, აღნიშნეს საპატრიარქოში.
„საქართველო ქრისტიანობისთვის მოწამეთა ქვეყანაა და გზა, რომელიც სიწმინდეების გათელვაზე გაივლის, დამღუპველია“, - აღნიშნულია განცხადებაში.
საპროტესტო აქციები
საქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბერს მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. პერმანენტული აქციები იმართება საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, თუმცა თბილისში პროტესტმა სისტემატური და მასშტაბური ხასიათი მიიღო. აქციების პირველ დღეებში საკანონმდებლო ორგანის წინ მასობრივად ხდებოდა არეულობები, რის შედეგადაც ათობით ადამიანი დაშავდა.
ყოველ საღამოს პარლამენტის შენობის წინ ასობით ადამიანი იკრიბება. 4 დეკემბრამდე აქცია ხშირად არეულობაში გადაიზრდებოდა. დილამდე აქციის მონაწილეთა ცალკეული ჯგუფები აზიანებდნენ ინფრასტრუქტურას, ძალოვანებს ქვებს, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებსა და პიროტექნიკას ესროდნენ, პოლიცია კი მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლსა და ცრემლსადენ გაზს იყენებდა.
4 დეკემბრიდან, მას შემდეგ რაც პოლიციამ ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებში ჩხრეკა ჩაატარა და დიდი რაოდენობით პიროტექნიკა, აირწინაღები და „მოლოტოვის კოქტეილები", კომპიუტერები და სხვა საგნები ამოიღო, აქციებმა ძირითადად მშვიდობიანი ხასიათი მიიღო.
შსს-ის ცნობით, საპროტესტო აქციებზე არეულობის დროს დაშავდა 150-ზე მეტი პოლიციელი - უმეტესობას აღენიშნება სხვადასხვა სახის დამწვრობები, მოტეხილობები, ტრავმები თავისა და სახის არეში. ასევე დაშავდნენ აქციის მონაწილეები და ჟურნალისტები. ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაცემებით, 300-ზე მეტი ადამიანის - ჟურნალისტების და დემონსტრანტების მიმართ პოლიციის მხრიდან ძალადობა და სასტიკი მოპყრობა დაფიქსირდა.
28 ნოემბრიდან 8 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 30 ადამიანი, ადმინისტრაციული წესით კი დაკავებულია 372 პირი, 62 პირის მიმართ გამოყენებული იქნა ადმინისტრაციული პატიმრობა, 100-ზე მეტი კი დაჯარიმდა.
საპროტესტო აქციები არ წყდება, მიუხედავად ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელობის არაერთი ახსნა-განმარტებისა, რომ ევროინტეგრაცია პრიორიტეტულია და ხელისუფლება აგრძელებს მუშაობას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, რადგან სწორედ ამაზეა დამოკიდებული ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზადყოფნა.
პრეზიდენტი, ოპოზიცია და მათი მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები ახალ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ. მათივე თქმით, ხელისუფლებამ 26 ოქტომბერს გააყალბა არჩევნები, შემდეგ გამოაცხადა ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერება, ახლა კი სასტიკად უსწორდება მათ, ვინც ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.
ყველა ახალი ამბავი
0